სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს.
იოსელიანმა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
“წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რასაც ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს, ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან კამპანიაში, მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან. სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დროს ჩემი მხრიდან დამატებით განცხადებებს გავაკეთებ. იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის” ,- განაცხადა იოსელიანმა.
