საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსზღვრული.
„არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო.
საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, – თქვა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „პროცედურული დარღვევები“ იყო, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გაყალბებულს არ უწოდებს.
„მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“… არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა“, – თქვა მან 2024 წლის 1 ნოემბერს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.