21 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიოს დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება, სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკავშირთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, გამართა ინტერაქტიული დიალოგი ბავშვთა უფლებებზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და ასევე ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელმაც ბავშვებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ კითხვები და თავიანთ უფლებებზე უშუალო დიალოგში ჩართულიყვნენ პანელისტებთან. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე.
პანელისტებმა უპასუხეს სამ ძირითად კითხვას: რატომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები და როგორ შეუძლიათ ზრდასრულებს ხელი შეუწყონ მათ აქტიურ მონაწილეობას; როგორ შეიძლება ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; რატომ წარმოადგენს ბავშვთა უფლებები ევროკავშირის პრიორიტეტს.
დამატებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბავშვის უფლებების შესახებ ბავშვზე მორგებული საინფორმაციო მასალები, რომლებიც შემუშავებულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ამ რესურსებს და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე ➡ https://shorturl.at/oFlWS
ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივის – „ადამიანის უფლებები ყველასთვის – ბავშვთა უფლებების რეალიზაცია ოჯახზე, მართლმსაჯულებაზე და სათანადო ცხოვრების დონეზე“, ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას, მათ გაძლიერებას, პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარებას და ბავშვებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




