სახალხო დამცველის ანგარიში – შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი, აქციის მონაწილეებთან ერთად, ჟურნალისტები გახდნენ

გასული წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, ჟურნალისტები გახდნენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ომბუდსმენის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.
„2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, საქმიანობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების თაობაზე; ასევე, დაშავების შესახებ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. აქციების დროს, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. აქციების დაშლის პირველივე დღეს გდდ-ს წევრის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავს დაესხა სპეცრაზმელი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განმარტა, რომ მოულოდნელად, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ნიღბიანმა პოლიციის თანამშრომლებმა. მისი თქმით, დაკავების დროს, ძირს დააგდო დაახლოებით, ათზე მეტმა სამართალდამცველმა, რომლებიც ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. მას აღენიშნებოდა დაზიანებები სხვადასხვა არეში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩადენილი ძალადობის შედეგად, მას ცხვირი ოპერაცია დასჭირდა. გარდა ამისა, პირდაპირი რეპორტაჟის დროს, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რის გამოც საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ომბუდსმენის განმარტებით, საჭიროა ყველა ამ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.
„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და შესაბამისი დამნაშავე დასჯილი არ არის“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ამასთან, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, 2024 წლის გაზაფხულის აქციების პარალელურად, მასობრივი მედიის საშუალებებით რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია უცნობი პირების მიერ პოლიტიკურად აქტიური პირებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ჯგუფური თავდასხმების თაობაზე.
„სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების შესწავლის შედეგად, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ მათ მიმართ განხორციელებულ დევნასა და შეურაცხყოფებზე, რომელიც უკავშირდებოდა მათ პროფესიულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას, სახალხო დამცველმა გამოავლინა სახელმწიფოს ბუნდოვანი და, შეიძლება ითქვას, თვითნებური მიდგომა“, – აღნიშნულია ანგარიშში.