სახაზინო ადვოკატი აპირებს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება – ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სახაზინო ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ე.წ. სახაზინო ადვოკატი, ვინმე შარლატანი ირაკლი ბენია, ჩემი ნების წინააღმდეგ, ბრძანდებოდა ჩემთან „კაპეზეზე“. წუთიც არ დამჭირდა მეთქვა, რომ ის არის არალეგიტიმური წარმომადგენელი და არ ვცნობ მას, როგორც ადვოკატს, ამიტომ გავაგდე ოთახიდან. ახლა კი გავიგე, რომ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
ნათლად განვაცხადე, მყავს არაჩვეულებრივი იურისტები, კერძოდ შოთა თუთბერიძე, მაგრამ ეს საქმე არ არის, ეს სასამართლო არ არის და საერთოდ არ მაინტერესებს იქ ვინ რას ბოდიალობს. დანაშაული არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატი.
პს. ეს ვინმე ბენია იგივეს აკეთებდა სინდისის პატიმრებთან გლდანში. იქიდანაც გამოაბუნძულეს. ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო დააკავეს, რამაც, ბრალდების მხარის დათვლით, 570 ლარის ზიანი გამოიწვია. 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 5 000-ლარიანი გირაო, საპატიმრო უზრუნველყოფით. ეს ნიშნავს, რომ ბრალდებული განაჩენამდე ციხეს დატოვებს, თუ გირაოს თანხას გადაიხდის, რასაც ელენე ხოშტარია არ აპირებს. გირაოს გადასახდელად მას 20-დღიანი ვადა აქვს.
ხოშტარია აცხადებს, რომ ვინმეს მიერ გირაოს თანხის შეტანა მისთვის „გულში დანის ჩარტყმა“ იქნება და ამის უფლებას არავის აძლევს.
ამასთან, ელენე ხოშტარიამ დაცვის უფლებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ „ეს ყველაფერი ფარსია“. ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მას არ სურს, რომ რამე ტიპის სამართლებრივი პროცედურები ან იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ ის უარს ამბობს ამ საქმეზე დაცვის უფლებაზე.