„საჭიროა შეიქმნას ახალი სუბიექტი, რომელიც განკარგავს ქართული ღვინის კატეგორიის ბრენდინგს“ – ლევან კობერიძე

ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი სუბიექტი, რომელიც ქართულ ღვინოს ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებაში დაეხმარება. ,,კომერსანტთან” საუბარში ლევან კობერიძე განმარტავს, რომ საჭიროა რეფორმის გატარება, რათა ქართულმა ღვინომ შეძლოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება. ამ მიზნით, კი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი სუბიექტი უნდა შეიქმნას, რომელიც განსაზღვრავს ქართული ღვინის კატეგორიის პოზიციონირებას.
,,საჭიროა კერძო სექტორის და სახელმწიფო სექტორის შეთანხმებული მუშაობა. მხოლოდ კერძო სექტორსაც გაუჭირდება და მხოლოდ სახელმწიფოსაც გაუჭირდება, რაც არ უნდა ფული ხარჯოს პრომოუშენში. საჭიროა კატეგორიის ბრენდინგი ანუ განსაზღვრა ქართული ღვინის კატეგორიის, რა პოზიციონირებით არის ის დასავლეთის ქვეყნების ბაზარზე წარმოდგენილი. ამაზე სერიოზული სამუშაოა. უნდა იყვნენ მოწვეული მარკეტინგისა და ბრენდინგის კარგად მცოდნე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. კერძო სექტორმა, სახელმწიფომ და პროფესიონალებმა ერთად უნდა განსაზღვრონ ძირითადი ვექტორები. ახლა ჩვენ რაც გვესმის, რომ ჩვენი სამიზნე ბაზრები არის , ინგლისი და ა.შ. ვერ ვხედავ, რომ რაღაც ეფექტს ვახდენდეთ წლიდან წლამდე. ეს არის პრობლემა. ამიტომ საჭიროა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებული მუშაობა.”- აცხადებს ლევან კობერიძე.
რას გულისხმობს რეფორმა? ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ცვლილება ღვინის სააგენტოს უნდა შეეხოს და ის არსებული ფორმით აღარ უნდა ფუნქციონირებდეს. მის ნაცვლად შექმნილ ახალ სუბიექტს კი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული ბორდი უნდა მართავდეს.
,,მნიშვნელოვანი რეფორმის გარეშე ჩვენ ვხედავთ, რომ შედეგს ვერ ვიღებთ. ჩემი აზრით, ღვინის სააგენტო ასეთი სახით არ უნდა არსებობდეს. არამედ უნდა შეიქმნას ახალი სუბიექტი, კერძო და საჯარო თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რომელიც აკუმულირებას გააკეთებს ბიუჯეტის, როგორც კერძო სექტორიდან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ სუბიექტს უნდა მართავდეს შესაბამისი ბორდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პარიტეტის პრინციპით და იღებდეს გადაწყვეტილებებს ქართული ღვინის მომავალთან დაკავშირებით. ამის კანონმდებლობა არსებობს ქვეყანაში, რომელიც იქნებოდა პრეცედენტული სოფლის მეურნეობაში. დავიწყოთ ღვინით და ეს სხვადასხვა კატეგორიებზეც შეიძლება გამოვიყენოთ.”- განმარტავს ლევან კობერიძე.
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ს ბაზარზე დამოკიდებულება დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქართულ მეღვინეობას, ამიტომ საჭიროა ახალ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული მეღვინეობა დღეს არის ძალიან დიდი რისკის ქვეშ. დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება. როდის დადგება დღე, როცა რუსეთი გადაწყვეტს, რომ ჩვენი დაშინების ან ზეწოლის მიზნით უბრალოდ გაგვიჩეროს ექსპორტი, წარმოიდგინეთ 70 % ექსპორტი გაჩერდება. ეს იქნება კატასტროფა მევენახეებისთვის მეღვინეებისთვის, გლეხებისთვის, ბიზნესისთვის. ვხედავთ, რომ მარტო სახელმწიფო ვერ ახერხებს, წლიდან წლამდე არაფერი არ იცვლება ქართულ მეღვინეობაში. კვლავ სუბსიდირება ვენახის და ვიღებთ იგივე შედეგებს. ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება.”- აცხადებს ლევან კობერიძე.