ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქვეყნის იზოლაციაში ცხოვრება არ შეიძლება და საჭიროა ახალი არჩევნები. ამის შესახებ მან Freebusiness.ge-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მთავარ სპიკერადაა მიწვეული.
“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” და “მაკდონალდს საქართველოს” დამფუძნებელმა, საქართველოში ბიზნესის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მუდმივად თავს უქნევდე ხელისუფლებას, სადაც არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ.
„ჩვენი ისტორია იმ დონეზე მივიდა, რომ ჩვენ [ბიზნესს] არ გვაქვს უფლება ვიყოთ წყნარად და ვასრულებდეთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ადამიანები, რომლებიც ამ მოთხოვნას ჩვენს წინაშე აყენებენ, ხშირ შემთხვევაში განათლებულები არ არიან, არ არიან კომპეტენტურები და მლიქვნელობასა და ცუდ სისტემაზე არიან ჩამოყალიბებულები. დღევანდელ პარლამენტის სხდომებს, რომ გადახედავ არიან წევრები, რომლებიც მახარაძის რაიკომის წევრები იყვნენ… თურმე სანქცია ჯილდო ყოფილა და ჩვენ ამას გავუძლებთო. ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს, შენ შეიძლება ამას გაუძლო, მაგრამ გაუძელი სახლში, მეგობრებში … მაგრამ ქვეყანაში რას გაუძლებ… ერთმა დეპუტატმა თქვა – რა მინდა ნიუ-იორკშიო, ყაზბეგში გადავიღებ სურათსო, კი ბატონო, ყაზბეგში მშვენიერი ხედია, მაგრამ მე ნიუ-იორკში მინდა ყაზბეგთან ერთად.
ჩვენ ვიღაცის მიმართ შიში უნდა გადავლახოთ, თუ არ გადავლახეთ მტერმა იცხოვრა შეშინებული. მეუბნებიან – შენ რა გიჭირსო? მე კი არ მიჭირს, მე ჩემი ქვეყნის სიყვარული მჭირს, მე ვიცი, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს ძალიან მდიდარი ქვეყანა, მაგრამ არც ღარიბი უნდა იყოს..“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ და აღნიშნა, რომ მისთვის მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიუღებელია: „მოსამართლეების კორპორაციული არ გამიგია, შეიძლება მოსამართლეებმა ერთად იქეიფონ, შალახო იცეკვონ და რაღაცაში ერთმანეთის მხარდასაჭერად ერთმანეთს არ დაურეკონ…“
ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ გააჟღერა Freebusiness.ge-ზე გაერთიანებული კომპანიების და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა – ახალი არჩვენები და დაკავებულების გათავისუფლება. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებას მოვთხოვოთ კითხვებზე პასუხები, რადგან ბიუჯეტს სწორედ კომპანიები თავისი გადასახადებით ავსებენ.
„ჩვენ ვითხოვთ უსამართლოდ დაჭერილი ადამიანების დროულ გასამართლებას მაინც, დავანებოთ თავი გამოშვებას, შეიძლება 10-წუთიან დანაშაულს 4 თვე იკვლევდე, ან კვალიფიკაცია არ გივარგა ან დანაშაული არ არსებობს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან ამის ანალიტიკოსები არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ პრაგმატულად რომ შევხედოთ, იმისთვის რომ დღევანდელი სიტუაცია განიმუხტოს, საჭიროა არჩევნები.
საუბრობენ, რომ 100 მილიონი ან 50 მილიონი არ მოგვცა [დასავლეთის ქვეყნებმა] და ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთო, უნდა გვითხრან – რით შევავსებთ? რომ გვეუბნებიან, რომ 2030 წელს შევალთ ევროკავშირშიო, მასე მეც დაგპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ… ასე სად არის, არ შეიძლება ჩვენი მომავალი არ ვიცოდეთ.
ჩვენი მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი – რა სტრუქტურით მუშაობს ქვეყანა, რამდენი ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას, რაში ვიხდით ფულს… მთელი ჩემი კომპანიებით ბიუჯეტში 320 მილიონს ვიხდით და არ უნდა მოვთხოვო? ხომ წარმოგიდგენიათ როგორი გაუგებრობაა, ჩვენ არ ვიცით როგორი სტრუქტურაა ქვეყანაში და ყველაფერზე თავს ვუქნევთ, თავი თუ არ დავუქნიეთ, ვართ ქვეყნის მოღალატე, ჯაშუში“, – განაცხადა ჭყონიამ.
მან ბიზნესმენებს, რომლებიც შეხვედრას არ ესწრებიან მიმართა და მათი როლის შეხსენებით, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„ძალიან გთხოვთ ყველას – ბიზნესმენებს, ვინც დღეს აქ არ მოვიდა, ჩვენი პოზიცია სახელმწიფოში უნდა დაფიქსირდეს, რომ სახელმწიფო არსებობს თქვენი ჭკუით, თქვენი შრომით, თქვენი ინტელექტით, ტექნოლოგიებით და სახელმწიფო სიმდიდრე ხართ თქვენ, დანარჩენი კი დანამატია. თუ ჩვენს შრომას გამოიყენებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუ არ გამოიყენებენ კიდევ გაგრძელება არ ვიცი“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.