„საჭიროა ადგილობრივი და იმპორტირებული ფქვილი დაექვემდებაროს სავალდებულო მარკირებას“ – ფქვილის მწარმოებლები მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში ხორბლის, ფქვილის და პურის ბაზარზე განვითარებული მოვლენების ირგვლივ საჯარო მსჯელობამ და წამოწეულმა პრობლემებმა, დღის წესრიგში უფრო მკაფიოდ დააყენა რიგი საკითხებისა, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტას მოითხოვს.
როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბაზარზე წლიდან წლამდე პერიოდულად დგება დღის წესრიგში, საკითხები ფქვილის ხარისხის, აღრიცხვიანობის, მიკვლევადობის შესახებ, ნიშნავს, რომ მათი მოგვარება ფუნდამენტალური ფაქტორების გადაწყვეტის გარეშე ვერ მოხერხდება.
ასოციაციას აღნიშნული პრობლემების ეფექტურ მოგვარების გზად მიაჩნია, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნას რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად და რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას უკეთესობისაკენ.
კერძოდ :
1. როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული ფქვილი დაექვემდებაროს სავალდებულო მარკირებას. აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული ფქვილის აღრიცხვიანობას და მიკვლევადობას
– აღნიშნული ინიციატივა არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დარგი თავისი ინიციატივით მიმართავს სახელმწიფოს აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტის მიზნით (აქამდე სავალდებულო მარკირების და ლიცენზირების საკითხები სახელმწიფოს ინიციატივით ხორციელდებოდა). საქართველოს კანონმდებლობით, ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარგის მიმართვის საფუძველზე, ფქვილის როგორც არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნუსხაში შეტანის შესახებ.
2 . შეიქმნას საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატების რეესტრი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციის გზით – აღნიშნული უზრუნველყოფს მთელი ინდუსტრიის სწორი კონკურენციის სამუშაო ველში მოქცევას, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ფქვილის წარმომავლობის დადგენას და ხარისხის კონტროლს.
ასევე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია გამოდის ინიციატივით “პურის ინდექსის “ შექმნის და მისი ყოველთვიურად გამოქვეყნების შესახებ.
– აღნიშნული ინიციატივა მომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ მუდმივად არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, პურის ფასთან და მისი ცვლილებების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით . ვფიქრობთ “‘პურის ინდექსში “ შემავალი კომპონენტების – პირველი ხარისხის ფქვილის, საფუარის, ზეთის, მარილის და სხვა ინგრედიენტების ყოველთვიური ცვლილების ანალიზი, საშუალებას მისცემს როგორც სპეციალისტებს, ასევე საზოგადოებას სწორად იქნას დანახული და შეფასებული – რომელი კომპონენტების და რა დოზით ცვლილება აისახება პურის საბოლოო ფასზე.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, მზად არის დამატებით ნებისმიერი ინიციატივის განხილვაში ჩაერთოს, რომელიც ხელს შეუწყობს, აღნიშნული დარგებში მუშაობის გაუმჯობესებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, პურის მწარმოებლების თქმით, გაზრდილმა საიმპორტო გადასახადმა, იგივე დამაბალანსებელმა მოსაკრებელმა, რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა, რამაც შესაძლოა, პურის ხარისხზე გავლენა იქონიოს.
თავის მხრივ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ახადებენ რომ ადგილობრივი ფქვილი არაფრით ჩამოუვარდება რუსულს.