დედაქალაქის ცენტრში გასტრონომიული მოგზაურობის, ლუდისა და სპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციას აერთიანებს და სტუმარს, ლუდის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე კერძებს, “მიბრასას” გრილს, სპორტული ღონისძიებების მოყვარულებს კი JBL-ის მაღალხარისხიან აუდიო/ვიდეო სისტემას სთავაზობს.
“საჭაშნიკე” – ასე ეწოდება მერაბ კოსტავას N60-ში გახსნილ ობიექტს, რომელიც ისტორიულ შენობაში 1969 წელს გახსნილი “საჭაშნიკეს” თანამედროვე გამოძახილია და მზად არის, კოლორიტული პაბის ახალი სივრცე სტუმარს ნებისმიერ დროს დაუთმოს, იქნება ეს დატვირთული კვირის დასაწყისი, პარასკევი საღამო, საყვარელი ნაკრების თამაშის LIVE ტრანსლაცია თუ საქმიანი ლანჩი. “საჭაშნიკის” ისტორიულ მოტივებზე დაფუძნების მიზანი 70-იანი წლების თბილისური კულტურის გაცოცხლება და აწმყოსთან მისი იდეალური სინთეზია.
თუმცა “საჭაშნიკე” მხოლოდ პაბის, რესტორნისა და გრილის კონცეფციას არ აერთიანებს. კოქტეილების მრავალფეროვან მენიუსთან და კრაფტლუდის, ქართული ღვინისა და ტრადიციული ჭაჭის ფართო არჩევანთან ერთად, იგი სპორტის მოყვარულებს განსაკუთრებულ სივრცეს სთავაზობს, სადაც არა მხოლოდ დიდ ეკრანზე შეგეძლებათ ნაპოლის მატჩების ყურება, არამედ საშუალება გექნებათ, “საჭაშნიკეში” დაარსებულ ხვიჩა კვარაცხელიას ფანკლუბშიც გაწევრიანდეთ, რომელიც სამომავლოდ ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.
რესტორნის, პაბის და გრილის კონცეფცია სტუმარმასპინძლობის ბიზნესგანვითარების სააგენტო „გასტრონავტმა“ შექმნა, მათი ყველა პროექტი კი თანამედროვე და შემოქმედებითი მიდგომებით ხასიათდება, რაც წარმატების გარანტიაა და ეს მათი 20-წლიანი გამოცდილების შედეგია. „საჭაშნიკეს“ კონცეფცია, ბრენდინგი, გასტრონომიული და სასმლის მენიუს კონცეფცია, მარკეტინგი სწორედ „გასტრონავტს“ ეკუთვნის. დიზაინი კი „გასტრონავტის“ ყველა პროექტში უცვლელმა პარტნიორ-დიზაინერმა, ესმა ხეცურიანმა შექმნა. ამასთან ერთად, პროექტის მმართველი – „გასტრონავტის“ გუნდი, „საჭაშნიკეს“ დამფუძნებელი კი, მრავალწლიანი გამოცდილებისა და წარმატების მქონე კომპანია, „ბადაგონია“. ერთად ისინი ბევრ საინტერესო პროექტს გვპირდებიან.
თუ გსურთ, მიიღოთ თბილისური გამოცდილება, ეზიაროთ კულტურას, რომელიც დედაქალაქის შუაგულში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა და დააგემოვნოთ გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე კრაფტლუდებიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე – “საჭაშნიკე” სწორედ ის ადგილია, რომელიც რუკაზე უნდა მოინიშნოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ტრადიციული კერძების მოყვარული ხართ თუ – მათი თანამედროვე ვერსიის, რადგან “საჭაშნიკე” და მისი შეფმზარეული, მიშა სანაძე, ტრადიციასთან იდეალურად შერწყმულ ინოვაციას დაგახვედრებენ.