„საწყის ეტაპზე, 20 ლარის ფიჭით დავიწყე სანთლების გაკეთება“ – Beeswax candle

beeswax candle („ფიჭის სანთლები“) ქართულ ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია აწარმოებს ხელნაკეთ საეკლესიო და სადღესასწაულო ფიჭის სანთლებს, რომელთა ფასიც 1.5 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე მერყეობს.
კომპანიის დამფუძნებლის, მარი ჩეკურაშვილის თქმით, საქმიანობა 20 ლარით დაიწყო და ეტაპობრივად განვითარდა.
„2 წლის წინ, სამოყვარულო დონეზე დავიწყე თითო-ოროლა სანთლის გაკეთება და დროთა განმავლობაში გაიზარდა მასშტაბები.
ყველაფერი 20 ლარით დაიწყო. საწყის ეტაპზე 20 ლარის ფიჭა და ძაფი შევიძინე და მაგით გავაკეთე პირველი სანთელი. შემდეგ, ეტაპობრივად, დროთა განმავლობაში გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა“.
როგორც მან აღნიშნა, სანთლების ფასი 1.5 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე მერყეობს.
„ვამზადებ როგორც საეკლესიო და სადღესასწაულო სანთლებს, რომელსაც დაბადების დღეებზე, ნათლობებსა და ჯვრისწერებზე იყენებენ. ასევე, მაქვს დეკორატიული სანთლებიც.
სანთლების ფასი 1.5 ლარიდან იწყება (საეკლესიო სანთელი) და მომხმარებლის შეკვეთიდან გამომდინარე, განსხვავებულია. ამ პერიოდისთვის, ყველაზე ძვირიანი რაც დამიმზადებია, 50 ლარიანი ყოფილა).
მომხმარებლებს თავად შეუძლიათ სასაჩუქრე ბოქსების აწყობაც, რომელთა ფასიც 15-20 ლარიდან იწყება“.
მარი ჩეკურაშვილის თქმით, სადღესასწაულო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა 100-მდე ადის. რაც შეეხება მასალებს, ნაწილს ქართულ ბაზარზე ყიდულობს, ნაწილი კი ესპანეთიდან ჩამოაქვს.
„ჩვეულებრივ თვეებში, შეკვეთების რაოდენობა 50-მდეა, ხოლო სადღესასწაულო პერიოდში მოთხოვნა იზრდება და შეკვეთების რაოდენობა 100-მდე აღწევს.
რაც შეეხება მასალებს, ფერად ფიჭებს ესპანეთიდან ვიწერ (ყოველთვიურად), ჩვეულებრივს კი საქართველოში ვყიდულობ. ფერად ფიჭაზე მოთხოვნა ძირითადად სადღესასწაულო პერიოდშია“.

ასევე დაგაინტერესებთ