“ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ საწვავის მოხმარება ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება.
როგორც მან “საქმიან დილასთან” ინტერვიუში მოხმარების ტრენდებზე საუბრისას განაცხადა, ასევე მზარდია მოხმარება ელექტროდამტენების მიმართულებით.
“[საწვავის] მოხმარება იზრდება ქვეყანაში და ეს ძალიან კარგია. განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე ორნიშნა ზრდა გვაქვს მოხმარებაში, რაც 10%-ზე მეტია. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ელექტროდამტენების განვითარებაა და იქაც ვხედავთ, რომ მოთხოვნა მზარდია. მანქანების რაოდენობა იმდენად იზრდება, რომ რესურსი არის, ორივე მიმართულებით გაიზარდოს. ერთადერთი რაც მცირდება, ესაა ბუნებრივი გაზის მოხმარება, რომელიც ფაქტობრივად ელექტრომანქანებმა და ჰიბრიდმა ჩაანაცვლა. თხევადი გაზი მცირედით იზრდება, მაგრამ აქ ვფიქრობ, დიდი ხნის პერსპექტივა არ აქვს, რადგან ელექტრომანქანები აბსოლუტურად ჩაანაცვლებს იმ მანქანებს, რომლებსაც კუსტარულად დაყენებული დამატებითი ინფრასტრუქტურა აქვს მანქანაში ჩამონტაჟებული. ანუ ელექტრომანქანები გაზის თემას, როგორც თხევადის, ისე ბუნებრივისას, ფაქტობრივად ჩაანაცვლებს”, – განაცხადა ვასილ ხორავამ BMGTV-ის ეთერში.
