კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ პირველი კვარტალის მდგომარეობით საწვავზე ფასები არის სამართლიანი, სტაბილური და სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო საკითხზე მონიტორინგს აგრძელებს.
„ფასების დადგენა საწვავზე არც არასდროს ყოფილა დღის წესრიგში, არც მომავალში იქნება, რადგან აქ არის თავისუფალი ფასწარმოქმნა და ამ მიდგომის გადახედვას არავინ აპირებს. დღეს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახორციელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს, ეს არის დიზელ-ბენზინის ბაზარი. 15 მარტის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს მონიტორინგის პირველადი შედეგები, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი არის პროცენტულად შემცირებული.
ადგილობრივი ფასები არის ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანი და ის თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან და მსოფლიო სავალუტო კურსთან. ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა კომპანიების მარჟიანობას და ამ მარჟიანობის გავლენას იმ ფაქტორებზე, რომელიც ფასწარმოქმნაზე ახდენს გავლენას. ჩვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე რაიმე არასაბაზრო კუთხით, ან არაკონკურენტული, არაფერი შეინიშნება“, – განაცხადა ლექვინაძემ.
bm.ge