“საწარმოს გახსნა მაისის ბოლოს იგეგმება” – ავეჯის მწარმოებელი “კარბა” გაფართოვდა

მეტალისა და ხის ავეჯის მწარმოებელი კომპანია “კარბა” ფართოვდება. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა მარიამ კარბაიამ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, იგეგმება საწარმოს გახსნა, რომელიც მაისის ბოლოსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „კარბა“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც მომხმარებლებს ავეჯის გარდა სთავაზობს სრულ სარემონტო სამუშაოებს, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს, დეკორატიულ აქსესუარებსა და სამღებრო სამუშაოებს. რაც შეეხება თავად კომპანიის დამფუძნებელს, მარიამ კარბაიას, ის ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული ქალი შემდუღებელია საქართველოში, რომელმაც ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ბიზნესად აქცია.
მარიამ კარბაიას თქმით, მათი ბიზნესის განვითარებაში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ლომის წილი აქვს. კომპანიის მიერ მოპოვებული 2023 წელს მიღებული გრანტი კი მეწარმეს დაეხმარა, რომ არსებული მცირე საწარმო გაეფართოებინა და ლილოსთან ახლოს, 100 000 ლარიანი ინვესტიციით ახალი საწარმო გაეხსნა, სადაც ე.წ. შოურუმის განთავსებაც იგეგმება. ის დასძენს, რომ მისი მიზანი “კარბას” საქართველოში ნომერ პირველ კომპანიად ქცევაა.
“მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მივიღე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, საბოლოოდ გადავწყვიტე ოჯახურ ტრადიციას გავყოლოდი და შედუღების პროფესია შემესწავლა. 2023 წელს, Entrepreneur-ის პროექტ „მე ქალი ანტერპრენერი ვარ“-ის მონაწილე და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ გამარჯვებული გავხდი, რის შედეგადაც კომპანია „კარბა“ დაარსდა – ეს არის მამა-შვილის ერთობლივი ინიციატივა, რომლის შთაგონება ოჯახში 2018 წელს ავეჯის შეცვლის იდეიდან დაიწყო.
დღეს „კარბა“ ინოვაციურ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც სპეციალიზდება მეტალის ავეჯისა და აქსესუარების დიზაინსა და წარმოებაში. ჩვენი მისიაა – შევცვალოთ ინტერიერის დიზაინის ინდუსტრია საქართველოში და მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული, ხარისხიანი, ფუნქციური და ესთეტიკური პროდუქტები”, – ამბობს მეწარმე.
მისივე განმარტებით, ბოლო წლებში მეტალის ავეჯი ძალიან პოპულარული პროდუქტი გახდა და მასზე მოთხოვნა მზარდია. “კარბას” დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია წელს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებების წარმოებას სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” აპირებს. გარდა ამისა, კომპანია საკუთარი დიზაინით წარმოებული ავეჯის დამზადებითაცაა დაინტერესებული.
“მართალია ახალი კომპანია ვართ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი ამ საქმიანობაში დიდი ხანია არის, მისი რეპუტაციის წყალობით, მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით. ჯერჯერობით მხოლოდ ოჯახის წევრები ვართ დასაქმებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით 3 ადამიანის დასაქმებას კიდევ ვგეგმავთ“, – განაცხადა მარიამ კარბაიამ და დასძინა, რომ “კარბას” პროდუქციით მსხვილი მარკეტები არიან დაინტერესებული და მას შემდეგ, რაც კომპანია საკუთარი დიზაინით პროდუქციის შექმნას დაიწყებს, ამ მიმართულებით გააქტიურებაც იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ