„საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს გამწმენდი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს“ – დავით სონღულაშვილი

„საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს გამწმენდი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს“ – დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სს „რუსთავის აზოტში“ იმყოფებოდა. „რუსთავის აზოტი“ ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს.
პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის ევროკავშირის, სამხრეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის 15-მდე ქვეყანაში.
სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების უმსხვილეს საწარმოში მინისტრი წარმოების პროცესს და ბოლო წლებში განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შედეგებს გაეცნო; დაათვალიერა საამქროები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა, კონდენსაციური ელექტროსადგური და ინფორმაცია მიიღო იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც საწარმომ გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით დანერგა.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ საქმიანობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებით. 2022 წლიდან საწარმო ჩართულია გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში (airMonitoring). სისტემის საშუალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტ კონტროლს ახორციელებს.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სამრეწველო ზონაში, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს და უმსხვილეს საწარმოებს შორის თანამშრომლობამ და შესაბამისმა ახალმა კანონმდებლობამ ხელშესახები შედეგი მოგვცა. საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების, გამწმენდი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უმსხვილესი წარმოების პარალელურად, გარემოზე ზრუნვა.
„გამკაცრებული რეგულაციების, სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგულარული კონტროლის შედეგია, რომ გაფრქვევის ელექტრონული თვითმონიტორინგის სისტემაში უკვე ჩართულია რუსთავში მოქმედი 15 საწარმო, რაც უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
აღსანიშნავია, რომ საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სისტემა უკვე დანერგილი აქვს ქვეყნის 36 უმსხვილეს საწარმოს.
სს „რუსთავის აზოტში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე და ქალაქ რუსთავის მერი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს