„საცხოვრებელი ფართების შეძენის გადავადება ხდება, მყიდველს აქვს მოლოდინი, რომ ამ კრიზისმა შეიძლება ფასებზე იმოქმედოს და შემდეგ დაკლებული ფასით შეიძინოს“ – უძრავი ქონების სექტორი კრიზისზე საუბრობს
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ბიზნესის ყველა სექტორს შეეხო. გამონაკლისი არც უძრავი ქონების გაყიდვებია. RE/MAX CAPITAL-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სექტორში გაყიდვები შემცირებულია. მისივე შეფასებით, საჭიროა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ქვეყნის დასავლურ კურსზე დაბრუნება, რათა საფრთხეების მინიმალიზება გახდეს შესაძლებელი.
,,შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გაყიდვების დინამიკა შემცირებულია. ძველი ტრანზაქციების ნაწილი წარმატებით სრულდება, მაგრამ ნაწილზე მყიდველები თავს იკავებენ და უნდათ დაელოდონ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ახალ დაკვეთებს, რჩება ძალაში კერძო მესაკუთრეების და კერძო მყიდველების საცხოვრებელ სეგმენტში მოთხოვნა, რადგან ეს მაინც იმდენად არ არის დამოკიდებული ბაზარზე, თუმცა მაინც შემცირებულია. რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებს, გაცილებით უფრო ნაკლებია მოთხოვნა და ვვარაუდობთ, რომ თუ ეს კრიზისი გაგრძელდა და თუ ჩვენი ქვეყანა არ გამოვიდა იზოლაციიდან, არ აღდგა ურთიერთობა დასავლეთთან და ევროპასთან და არ გაასწორა კურსი დასავლეთისკენ, ვფიქრობ, რომ ჩვენი საინვესტიციო მიმართულებას საკმაოდ დიდი საფრთხე შეიძლება შეექმნას.”- აცხადებს მარიამ ასათიანი.
უძრავი ქონების სექტორში შემცირებულია საცხოვრებელი ფართების გაყიდვაც. მყიდველები მოვლენების განვითარებას ელოდებიან, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ბინებზე ფასები დაიწევს და ისინი უფრო იაფად შეძლებენ ქონების შეძენას. პრობლემებია საინვესტიციო მიმართულებითაც. ქვეყანაში, ყოველდღიურად დასავლეთიდან დაფინანსებული პროექტების ნაწილი უქმდება, რაც საოფისე ფართებზე მოთხოვნასა და დამქირავებელთა რაოდენობას ამცირებს.
,,საცხოვრებელი ფართების შეძენის გადავადებაც ხდება, იმიტომ რომ მყიდველს აქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ფასებზე იმოქმედოს ამ კრიზისმა და შემდეგ დაკლებული ფასით შეიძინოს, ამიტომ არ ჩქარობს ყიდვას. რაც შეეხება სხვა სეგმენტებს, ვვარაუდობ, რომ საინვესტიციო სეგმენტს შეეხება ყველაზე მეტად, რაც ასევე საცხოვრებელზეც აისახება. რადგან, საინვესტიციო ბინების გაყიდვის წილი საკმაოდ დიდია ჩვენს გაყიდვებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საცხოვრებელზეც გავრცელდება. საინვესტიციო მიმართულებას ალბათ ყველაზე მეტად აქვს საფრთხე. ასევე საოფისე მიმართულებასაც, თუ გარკვეული პროექტები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებოდა ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დამქირავებლის რანგში ქირაობდნენ ფართებს, თუ ეს პროექტები დაიხურება ან შემცირდება ევროპის დახმარება საქართველოში, ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია, რომ გარკვეული პროექტი წყვეტს მოქმედებას და რასაკვირველია, ეს უძრავი ქონების ბაზარზე აისახება და საოფისე სეგმენტსაც შეიძლება შეექმნას პრობლემა.”- აცხადებს მარიამ ასათიანი.
RE/MAX CAPITAL-ის დამფუძნებელი ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლებაა. მარიამ ასათიანი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგით დასრულდება არჩევნები, მთავარია მმართველმა პარტიამ მოქალაქეებთან დიალოგი გამართოს და კომპრომისზე წავიდეს, რაც მისი შეფასებით არსებულ კრიზისს განმუხტავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესის ყველა სექტორი დაზარალდება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.
,,თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, დაელაპარაკება ხალხს და წავა კომპრომისზე, გამოუშვებს დაპატიმრებულ ადამიანებს და დანიშნავს არჩევნების დღეს, ეს აბსოლუტურად განმუხტავს სიტუაციას, რადგან კურსი გასწორდება. არ აქვს მნიშვნელობა რით დასრულდება არჩევნები. ისევ იგივე მმართველმა პარტიამ რომ მოიგოს, ამ შემთხვევაშიც კრიზისს ჩვენ ავიცილებთ თავიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მაგრამ თუ ვერ მოხდა კომპრომისი და კრიზისი გაგრძელდა დიდი ხნის განმავლობაში ან მუხტმა გადაიარა, საპროტესტო ტალღამ გადაიარა და ყველაფერი ისევ გაგრძელდა, იზოლაციაში მოექცა ქვეყანა და სანქცირებული მთავრობა დარჩა და ა.შ. ძალიან გამწვავდება ჩვენი მდგომარეობა, ყველა ბიზნესის მდგომარეობა და ეს შემდეგ ზვავის მეთოდით აისახება სხვადასხვა დარგზე. ეს არ არის მხოლოდ უძრავი ქონების სექტორის პრობლემა. ზოგადად ეკონომიკას შეექმნება სერიოზული პრობლემები.”- აცხადებს მარიამ ასათიანი.