საცხოვრებელი კომპლექსის I სართულის სივრცეში საჯარო სამსახურის ოფისის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ მუნიციპალურ ინსპექციას 25 ათასი ლარიანი აქვს გამოცხადებული.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოიწყობს. უწყებას ახალ ოფისში 40-მდე ოთახი ექნება.
ვისი საკუთრებაა ახალი საოფისე ფართობი და რა პირობებით გეგმავს იქ მუნიციპალური ინსპექცია გადასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ინსპექციაში სცადა, თუმცა არ გვიპასუხეს. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ დასმული [და დასასმელი] ყველა კითხვა ჩამოვწეროთ, წერილობით ელექტრონულად გავუგზავნოთ და ინსპექციის შესაბამისი სამსახურები 10 დღის ვადაში გვიპასუხებენ.
ინფორმაცია ვერ მივიღეთ ვერც ბათუმის მერიისგან. არადა, „სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის N94-96-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის I სართულის სივრცეში საჯარო სამსახურის ოფისის მოწყობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ მუნიციპალურ ინსპექციას ტენდერი 25 ათასი ლარით უკვე გამოცხადებული აქვს.
აღნიშნულ მისამართზე ორი ორსართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაზე კი ბათუმის მერიას ტენდერი 2023 წლის იანვარში ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა.
სელიმ ხიმშიაშვილის N94 – 96-ში ავარიული სახლების დემონტაჟისა და ახალი 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 21 მილიონ 550 ათას 123 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. კორპუსის მშენებლობა დღესაც გრძელდება, შესაბამისად ოჯახები, რომლებიც აქ ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, ჯერ არ შეუსახლებიათ.
ახალი კორპუსის სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე სხვადასხვა ფართობის სავაჭრო სივრცეებისთვის ჯამში 1 194,5 კვადრატული მეტრი ფართობია დათმობილი. დიდი ალბათობით, მუნიციპალური ინსპექცია ოფისად სწორედ ამ სივრცეებს გადააკეთებს.
ინსპექციის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე უნდა დაპროექტდეს 35-დან 40-მდე სამუშაო ოთახი. პროექტირებისთვის საჭირო სატენდერო თანხა – 25 000 ლარი კი, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, ინსპექციას ბაზრის კვლევის მიხედვით განუსაზღვრავს.
„ბაზრის კვლევისათვის ინფორმაცია [ფასების ცხრილი; ტექნიკური დავალება] გაეგზავნა 12 პოტენციურ მიმწოდებელს, წინადადებას დაეთანხმა და განფასებული დოკუმენტაცია წარმოადგინა სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა [პრეისკურანტის] ღირებულებით: მიმწოდებელი N1 – 37 000 ლარი; მიმწოდებელი N2 – 45 000 ლარი; მიმწოდებელი N3 – 100 000 ლარი“.
პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღეში უნდა მოამზადოს [ექსპერტიზის ვადის ჩათვლით]. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე „არსებული არამზიდი ტიხრების სადემონტაჟო სამუშაოები“. ამასთან, მუნიციპალური ინსპექცია იტოვებს უფლებას „შეიტანოს ცვლილებები საპროექტო დავალებაში საჭიროებიდან გამომდინარე“.
ამ ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ დადგინდება რა თანხა იქნება საჭირო მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისის მოსაწყობად.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ოფისი დღეს გალაკტიონ ტაბიძის N56-შია განთავსებული. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ამ მისამართზე ინსპექციას 1 617 კვადრატული მეტრი ფართობი კერძო პირისგან იჯარით აქვს აღებული.
იჯარის ვადა 2020 წლიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდი იყო, თუმცა საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილება 2023 წლის ივლისში შეუტანიათ. ახალი ვადა დოკუმენტებში არ ჩანს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისში გადასვლას 2026 წლისთვის გეგმავს.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ის ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2025 წლისთვის ინსპექციის დაფინანსება წინა წელთან შედარებით 1 404 000 ლარით გაზარდეს და დღეს 7 231 100 ლარია. აქედან მხოლოდ ხელფასებში 3 754 900 ლარი დაიხარჯება.
ინსპექციაში შტატით 111 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, ინსპექციაში დამატებით ხელშეკრულებით აყვანილი პირებიც ჰყავთ დასაქმებული.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორია არჩილ კონცელიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე [მისივე დეკლარაციის მიხედვით] ხელფასის სახით ხელზე 43 803 ლარი აიღო 2024 წელს.
ახალი ოფისის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული 19 980 ლარით. ამ ტენდერის ფარგლებში ინსპექცია 20 ცალ მობილურ ტელეფონს იყიდის.
მშენებარე კორპუსი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე / 8.08.2025
მშენებარე კორპუსი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე / 8.08.2025
———-
ბათუმში, სადაც ათ წელზე მეტია სამშენებლო ბუმი „მძვინვარებს“, მოსახლეობის 70%-ს არ აქვს საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. გენგეგმის კონცეფციის ავტორები წერენ, რომ ეს გასათვალისწინებელია საბინაო ფონდის ზრდისა და სრულყოფის დაგეგმვისას:
