„საცობები ჯგუფური ტურების ჩატარებას ხელს უშლის – სასტუმროში ტურისტების მიყვანისას გაჩერებულ ავტობუსს პატრული აჯარიმებს“ – გიდი

თბილისსა და ბათუმში საცობები პრობლემას წარმოადგენს ტურისტებისთვის – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ადგილზე ხვდებათ.
მისი თქმით, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში არსებული საცობები ჯგუფური ტურების ორგანიზებას ართულებს, რადგან ქალაქი ნაკადს დროულად ვერ ატარებს.
„დღემდე პრობლემურია ადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის სახელმწიფო სერვისები. მაგალითად, არსებული საინფორმაციო ნიშნულები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არის დაზიანებული ან ახლები საჭირო ადგილას არ ეწყობა. კიდევ ერთი პრობლემა დაკავშირებულია ტურისტების გადაადგილებასთან – დღემდე ვერ მოხერხდა, რომ მარშრუტები გაციფრულდეს და იმ დონემდე დავიდეს, რომ თითოეული ტურისტისთვის ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა რეგიონში უპრობლემო გადაადგილება.
გარდა ჩამოთვლილისა, პრობლემას წარმოადგენს ორ დიდ ქალაქში – თბილისსა და ბათუმში არსებული საცობები, რაც ჯგუფური ტურების ორგანიზებულად ჩატარებას ხელს უშლის. ვგულისხმობ იმას, რომ ავტობუსის ტურების ჩატარების პრობლემაა, ცუდად დაგეგმარებული საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის კარგი გამტარი, მათ შორის, ტურისტული ჯგუფებისთვის“, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა დაკავშირებულია ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში ტურისტების ტრანსპორტირების დროს გაჩერებული ავტობუსების დაჯარიმების საკითხიც.
„ამას ემატება ისიც, რომ საცობების პირობებშიც არ არის ხელშეწყობა ტურებისა და ტურისტებისთვის. მაგალითად, როდესაც თბილისისა და ს ცენტრალურ უბანში მდებარე სასტუმროში მიგვყავს ტურისტები, იქ გაჩერებულ ტურისტულ ავტობუსს პატრული აჯარიმებს, რაც დამატებით დისკომფორტია როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ასევე იმ სასტუმროებისთვის, რომლებმაც ეს ტურისტები უნდა მიიღონ.
თბილისი არაა მეგობრული ტურისტებისა და ტურისტული კომპანიებისთვის. თუ ვპოზიციონირებთ ისე როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ ნაწილშიც უნდა შევძლოთ გადაწყობა, სახელმწიფო არ იყოს ჯარიმებზე ორიენტირებული ან ამის ნაცვლად სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა ლაშა ბერიკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
www.bpn.ge