დღეის მდგომარეობით, FMCG ბაზრის (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორი) 76% ხუთ მოთამაშეს უჭირავს.
როგორც რითეილ ექსპერტი ხათუნა მანჯგალაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რეალურად 5 მოთამაშე ბაზარზე მაღალი ციფრია, რომ დომინანტი არავინ იყოს, თუმცა, რეალურად ბაზარზე თამაშის წესებს სწორედ დიდი ქსელები განსაზღვრავენ, რასაც შესაძლოა, ღირებულებათა ჯაჭვის მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვეს.
„ამ ხუთმა ქსელმა დაიპყრო ბაზრის 76%, რაც ნიშნავს, რომ მიაღწიეს ეკონომიის მასშტაბურობას და აი, როგორ: ისინი ცდილობენ, რომ მომხმარებელს მისაღებ ფასად ბიუჯეტური, მოთხოვნადი, „დისქაუნტის“ ფორმატის ასორტიმენტი შესთავაზოს და არ გააკეთოს აქცენტი ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე. ამისთვის შეიცვალა ის, რომ გაჩნდა სადისტრიბუციო საწყობები თავად რითეირელების მხრიდან. შესაბამისად, ხდება მათი ჩანაცვლება, დასაწყობება თავიანთსავე საწყობში და მომარაგება თავიანთივე მაღაზიების, სადაც მომწოდებლის როლი შესუსტებულია, სადისტრიბუციო კომპანიები იმდენად საჭირო აღარ არიან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომწოდებელზე გაზრდილია მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება საუკეთესო და ექსკლუზიური ჯამური ფასი შესთავაზოს რითეილერს, რაც მას საშუალებას მისცემს, ჰქონდეს მოგების ის პროცენტი, რაც სურს, იქნება ეს 15, 20 თუ – 25%.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მეტად გაუჭირდება მომწოდებელს საუკეთესო ფასის მიწოდება, რადგან რითეილერს თავადვე აქვს შესაძლებლობა, იმპორტი განახორციელოს და საუკეთესო ფასი მწარმოებლისგან მიიღოს, ან თუ იგივე პროდუქტი არ იქნება, ანალოგით ჩაანაცვლოს. შესაბამისად, ღირებულების ჯაჭვში სრული ადგილი დაიჭიროს, სადაც მომწოდებლები და სადისტრიბუციო კომპანიები ნელ-ნელა ბაზარზე თავიანთ როლს დაკარგავენ. რაც უფრო გაიზრდება ქსელი, მით უფრო დომინანტი იქნება მოთხოვნაში, მით უფრო მეტ საუკეთესო ფასს მოსთხოვს მომწოდებელს.
ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესის გადანაწილებით მოგებული მომხმარებელი რჩება – თუ ხუთი მოთამაშე დარჩება ბაზარზე, ისინი ყოველთვის იქნებიან მოწადინებული, მომხმარებელს საუკეთესო ფასი შესთავაზონ“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.




