შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელმაც საჩხერეში სიძის მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ.-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი – 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერს შსს.
უწყების ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.