“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao
“რომ არ გავჩერებულიყავი, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი წარმატებები იქნებოდა. მე თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე ვთქვი უარი. შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ არა ჩემი არჩევანი, რასაც არ ვნანობ, რადგან ასე იყო საჭირო, ახლა პიკში ვიქნებოდი. ამას შინაგანად ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, იმ სცენარით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში განვითარდა, მადლიერი და ბედნიერი ვარ. ალბათ, ასე იყო საჭირო.
ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი. არანაირი შინაგანი ბარიერი აღარ არსებობს და ისევ იმ ციკლში ჩავები, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი არა მხოლოდ 12 წლის წინ, არამედ ბავშვობიდან მოყოლებული. მე მუდმივად სცენაზე ვიყავი. ეს მდგომარეობა ახლა ჩემთვის იმდენად ორგანულია, თითქოს პაუზა არც ყოფილა.
საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით. გაბრიელს თავიდან ჰქონდა კითხვები, თითქოს არ უნდოდა, მაგრამ როგორც კი გადმოვედით, თქვა, რომ ძალიან მოსწონს და არსად წასვლა არ უნდა. ორივეს ძალიან მოსწონს. თბილისში ბევრი შემოთავაზება მაქვს. ამ ეტაპზე საჩხერეში ვარ, მაგრამ სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, დავთანხმდე შემოთავაზებულ თანამშრომლობებს. შემოქმედი ადამიანი, რეალიზების თვალსაზრისით, ერთ ლოკაციაზე ვერ ჩერდება, მით უმეტეს, მასშტაბებისთვის თბილისი საჭიროა და მეც არ გამოვრიცხავ მომავალში დაბრუნებას”, – ამბობს მსახიობი სალითა ჩუბინიძე ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას.
სალიტა ჩუბინიძის სახელი ბევრ თქვენგანს წლების წინ პოპულარული კომედიური შოუებიდან ახსოვს. უკვე 12 წელია, ის ეკრანებზე აღარ ჩანს და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – სალიტამ ოჯახი შექმნა ასევე მსახიობ გიორგი აფციაურთან, ჰყავს შვილები და მისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ამას ეთმობოდა. ახლა კი ის სცენაზე დაბრუნებას გეგმავს.
თსუში სწავლის დროს „კა-ვე-ენის“ გუნდის წევრი გავხდი და კონცერტებზე გამოვდიოდი. ერთ-ერთ შემაჯამებელ კონცერტზე ცნობილი სახეები იყვნენ მოწვეული. წამყვანი გიორგი აფციაური იყო. ზუსტად ამ კონცერტიდან წაგვიყვანეს ტელევიზიაში მე და დანარჩენი ბავშვები პროექტ „თქვენი შოუსთვის“ შესარჩევად. ამ ახალ პროექტს გიორგი ქმნიდა. ასე დაიწყო ეს ამბავი.
– ძალიან პოპულარულები გახდით. როგორ გახსენდება ის დრო?
– ძალიან კარგად მახსენდება. საერთოდ, ადამიანები ასე საჯაროდ რომ ჩნდებიან, მათ აქტივობებს სოციალურ ქსელში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებები აქვთ ხოლმე, თან სრულიად დაუმსახურებლად. ვიცოდი ამის შესახებ და მზად ვიყავი, რადგან სამწუხაროდ, ეს უკვე ნორმაა. თუმცა მე რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ადამიანებისგან ისეთი თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი და დღემდე ისეთ სიყვარულს ვგრძნობ მათგან, რომ თვითონაც ძალიან მიკვირს და თან, ძალიან მიხარია.
– გიორგისთან ურთიერთობა როგორ დაიწყო და როდის მოხდა დიდი ცვლილება, რამაც თქვენი ცხოვრება განსაზღვრა?
– მთლიანად გიორგის დამსახურება იყო ჩვენი ტელევიზიაში მისვლა. მან დამირეკა და მითხრა, რომ ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა მივსულიყავი. რომ მივედი, კართან ვიდექი და ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არა. ჩემი ბედი იქ შესვლამ გადაწყვიტა, როგორც ცხოვრებისეულად, ისე კარიერულად (იცინის). ძალიან მერიდებოდა, ვფიქრობდი, სახლში ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, ძალიან მორცხვი ვიყავი, მაგრამ მაინც შევედი (იცინის). მე და გიორგის ტელევიზიაში მუშაობის პროცესში მხოლოდ და მხოლოდ კარგი კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. მერე ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. საქართველოს კუთხეებში გასვლითი კონცერტები გვქონდა და ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა. გიორგის ინიციატივა იყო ჩვენი ურთიერთობა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სხვანაირად შევხედავდით ერთმანეთს. მანამდე ორივეს ცხოვრებაში იყო ადამიანი, ძალიან სერიოზული ურთიერთობა არ ყოფილა, მაგრამ რაღაც იყო და თავიდან ამიტომ ვერ ვიფიქრებდით ერთმანეთზე. მერე ურთიერთობები რომ აგვერია, უკვე ერთმანეთზე დავფიქრდით და სხვანაირად შევხედეთ ჩვენს ურთიერთობას. მარტივი აღმოჩნდა მეგობრობიდან სიყვარულში გადასვლა. ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში მოხდა. ჩვენ შესახებ არავინ არაფერი იცოდა.




