“საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – ზურაბიშვილი მასზე თავდასხმაზე

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აეროპორტში მასზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანა. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს და აცხადებს, რომ ამით ისინი უპატივცემულობას არა პირადად მის, არამედ სახელმწიფოს წინაშე იჩენენ.
“დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ, რომ აქ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას. შემდეგ უკვე პოლიტიკოსების, “ოცნების” მიერ გამართლდა ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს.
მე კი არა, მე ვარ იმისი სიმბოლო, რასაც ებრძვის “ქართული ოცნება”, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას- მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დაავიწყდათ – და საქართველოს სურათს მსოფლიოში. იმიტომ, რომ იმ დროს, როგორც მიმიღეს, სადაც მიმიღეს – მიუნხენში, თუნდაც, მანამდე -ში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ხდება და რატომ ხდება.
რეალურად, მე ამას ვუხსნიდი უცხოეთში – რასაც ღალატს ეძახიან – რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია. ესენი ვერ მართავენ საქართველოს. აღარც იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, არის რაღაც რეპრესიული ზომების ერთიმეორის მიყოლებით მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება. სიტყვა “ხელისუფლება” არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, იმიტომ, რომ აღარ არიან ხელისუფლება. ესენი არიან რეჟიმი. და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად – კარგი, ნუ ცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა – ასე იქცევი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი, რისი ნიშანი არის.
ამიტომ, ჩემი დღევანდელი მოწოდება არის საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგებია, რომ ღელავს. იმიტომ, რომ რაღაცები არის, რაც არავინ არ უნდა იკადროს. მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. ამიტომ, ჯერ მინდა მე მადლობა მოვახსენო საზოგადოებას სოლიდარობისთვის. ასევე, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, საიდანაც წამოვიდა, ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ავნებს, ცხადია, საქართველოს. ტურიზმზე რამე როგორ უნდა ვთქვათ, როცა უსაფრთხოება აეროპორტში აღარ არის დაცული?! არც გუშინწინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, “ოცნების” ყოფილ პრემიერს. არც მაშინ არ იყო არსად პოლიცია, არც ამ დილით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ დღეს, 18 თებერვალს. ე.წ. ტიტუშკებმა მას კვერცხები ესროლეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო “ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა, ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა. თავდასხმა დააანონსა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ს წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ.
“ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, “საწვიმარი” ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს”, — წერდა ნათია ბერიძე.
ამავე თემაზე:
· “ეს ადგილი უსაფრთხოა?” – გერმანიის ელჩი თბილისის აეროპორტზე