ბრიტანულმა ბრენდმა JD Sports საშობაოდ ვიდეორგოლი კი გამოუშვა, მაგრამ ვერავინ იფიქრებს, რომ სიუჟეტი ახალ წელს ეხება. მთავარ როლს აქ სანტა კლაუსის ან მარხილის ირმების ნაცვლად, „ყველგანმავალი“ სავაჭრო ჩანთა ასრულებს — ის არის ყოველდღიური მოხმარების აქსესუარი და თან ყველაფერს იტევს, დაწყებული სპორტული ფეხსაცმლით, დასრულებული სადღესასწაულო სადილის ნარჩენებით.
მთლიანობაში, რეკლამა არა თუ კონკრეტულ საკითხზე ან მოვლენაზეა კონცენტრირებული, არამედ ბევრ თემას ფარავს. აქ ვხედავთ საფეხბურთო ამბებს, პირველ კოცნას, ავტობუსით მგზავრობის მშვიდ მომენტებს და ა. შ. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, საზოგადოებამ ბრენდის რეალური სახე ნახოს ნამდვილ ყოველდღიურობაში, ნაცვლად ზედაპირულად შექმნილი წარმოდგენებისა.
მართალია, ზოგადად ბრენდები ტრადიციულ საშობაო სიუჟეტებს მიჰყვებიან, რათა სადღესასწაულო განწყობა მაქსიმალურად გამოკვეთონ, მაგრამ JD Sports-მა განსხვავებული მიდგომა აირჩია. ის არ მიჰყვება სენტიმენტალურ სიმბოლოებს, არც მაგიურ ჯადოსნობებს — უბრალოდ, სავაჭრო ჩანთას აქცევს მთავარ გმირად. კვლავ საკუთარ თავზე აკეთებს აქცენტს და იმაზე, რომ ნებისმიერ სეზონზე ხალხის გვერდითაა.