საშობაო ეპისტოლე: დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ

საშობაო ეპისტოლე: დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ
საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ხელოვნურ ინტელექტზეც საუბრობს და ომის საფრთხეებზეც:
,,ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.
სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს , ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.
დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.
ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.
ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?
ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.
ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.
* * *
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა. ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა.
გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.
გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21). მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველსაგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.
კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.
როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.
ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!
ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, ქრისტეშობა, 2024