“საშინელი და უსამართლოა” , – სენატორი შაჰინი ჯაფარიძის დაკავებაზე

ამერიკელი დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დაკავებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და ამ ფაქტს საშინელსა და უსამართლოს უწოდებს.
როგორც შაჰინი პოსტში აღნიშნავს, ჯაფარიძის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
„ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურა ჯაფარიძის დაკავება საშინელი და უსამართლოა. ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესმა ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შევიწროების წინააღმდეგ“, – წერს ჯინ შაჰინი.
“The detention of Georgian opposition politician, @Zuraja is appalling and unjust. Actions like this prove, yet again, that Congress should stand with the Georgian people in the face of the Georgian Dream government’s crackdown on democratic institutions.” –@SenatorShaheen https://t.co/YpLq1FlUwb — Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) May 23, 2025
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 23 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ა.შ.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს.
ზურაბ ჯაფარიძემ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ამიტომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დააკმაყოფილა.
მანამდე, 14 მაისს, დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად