პროკურორი ლევან ვეფხვაძე არალოგიკურს უწოდებს ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის ადვოკატის, სერგო ხურციძის განცხადებას, რომ „პაპაშვილი არა ინტერპოლმა დააკავა, არამედ რუსეთში, საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა“.
პროკურორის თქმით, ეს მიზანი რომ ჰქონოდა ბრალდებულს, ქვეყნიდან არ მიიმალებოდა.
„გიორგი პაპაშვილი საქართველოდან მიიმალა, შემდეგ სხვა სახელმწიფოში გადავიდა და რუსეთის რესპუბლიკაში იმისთვის ჩავიდა, რომ ჩაბარებოდა, ეს სრულიად არალოგიკური მსჯელობაა. სხვა დეტალებს, როცა ინტერპოლის მასალები გვექნება, მერე მოგახსენებთ“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, კორპუსიდან, ასევე რესტორნიდან ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ბრალდებულების მხრიდან გარკვეული ქმედებებია ასახული. ასევე, ვეფხვაძის განმარტებით, მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გიორგი პაპაშვილმა მკვლელობამდე მთივლიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.
„საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ყველა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს, ეს არის არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ ვიდეომასალები, ექსპერტიზის დასკვნები ერთობლიობაში ადასტურებს ხუთივე ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, როგორც პატიმრობის ნაწილში, ასევე ფორმალურ ნაწილში, რომ ხუთივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.
ბრალდებულებს – ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.
