საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტები ამბროლაურში განიხილა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ამბროლაურში განიხილა.
მათივე ცნობით, როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციურ ცვლილებებს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მათი მიღების საჭიროებაზე მიუთითებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები მოსახლეობასთან დეტალურად იყოს განხილული იმისთვის, რომ მათი მოსაზრებები გავიგოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მივიტანოთ პარლამენტამდე და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, ასევე სასწავლო პროგრამებს.
„მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. შარშან, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში 72 კანონია მიღებული, რომელიც ეხება განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში, ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ, ეს გამოცდილება არის არა მხოლოდ საქართველოში კანონშემოქმედების მხრივ, არამედ სხვა ქვეყნებშიც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობასთან შეხვედრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული.
„ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მართალია ქვეყანაში სხვა ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ერთ-ერთი პრობლემა გახდა.
„ჩნდება რაღაც ახალი გამოწვევები, რომელსაც მყისიერად თუ არ მივუსწარით, მერე შეიძლება ვერ დაეწიო მისი გამოსწორების გზებს. დღეს საქართველოში ბავშვებს აჩვენებენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც ცენტრალური პათოსი ის არის, რომ თურმე ბედნიერი ამის გარეშე ვერ იქნები თუ ასეთი ცხოვრების წესით არ იცხოვრე, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არ გვაქვს, ამიტომ რადიკალურ ოპონენტებს ან მოუწევთ მხარი დაგვიჭირონ, ან არჩევნებზე მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრ ცვლილებას შევიტანთ თუ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე ისაუბრეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: ანრი ოხანაშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, სოზარ სუბარმა და ფრიდონ ინჯიამ.
„კონსტიტუციური კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა ასევე გაიმართება: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.