„საქსტატმა“ ახალი ინტერაქტიური პლატფორმის – „ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიური პლატფორმის – „ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის“ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პრეზენტაციაზე შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ენერგეტიკის სტატისტიკის ახალი პორტალი იქნება ერთობლივი მუშაობის კიდევ ერთი წარმატებული შედეგი და წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გოგიტა თოდრაძემ გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც შრომა ჩადეს აღნიშნული პროექტის რეალიზებაში.
„აქ დამსწრე საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს პორტალი წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას – უფრო ეფექტურად მოიპოვონ, გააანალიზონ და გამოიყენონ ენერგეტიკული სექტორის სტატისტიკური ინფორმაცია“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
უწყების ინფორმაციით, ენერგეტიკული ბალანსის მოდული შეიცავს მონაცემებს როგორც ენერგორესურსების ტიპების (ელექტრო და თბოენერგია, ბუნებრივი გაზი, ქვანახშირი, ნავთობი, ბიოსაწვავი და ნარჩენები), ისე ენერგეტიკული ნაკადების (წარმოება, მოხმარება, იმპორტი, ექსპორტი) მიხედვით.
„მოდულში წარმოდგენილია ხუთი ანალიზური მაჩვენებელი, მათ შორის ორი მდგრადი განვითარების მიზნის (SDG) ინდიკატორი. მომხმარებლებს საშუალება აქვთ იხილონ ენერგეტიკული ნაკადების ინტეგრირებული გრაფიკები და ბალანსის მონაცემები ცხრილების სახით.
მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკის მოდულში თავმოყრილია მაღალი სიხშირის ენერგეტიკული მაჩვენებლები, როგორიცაა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნახევარწრიული ფასები (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სეგმენტებისთვის), ასევე ენერგორესურსების ყოველთვიური წარმოების, იმპორტ-ექსპორტისა და შიდა მიწოდების მონაცემები.
შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარების მოდული ეფუძნება 2022 წელს ჩატარებული სპეციალური გამოკვლევის შედეგებს. მასში გაანალიზებულია ქალაქისა და სოფლის ჭრილში სხვადასხვა ტიპის ენერგორესურსებისა და ტექნოლოგიების გამოყენება გათბობის, გაგრილების, ცხელი წყლის და საჭმლის მომზადების მიზნებისთვის.
ძირითადი მაჩვენებლების მოდულში თავმოყრილია წინა სამი მოდულის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც დაჯგუფებულია ენერგორესურსების წარმოების, მოხმარების, ფასებისა და SDG ინდიკატორების მიხედვით. აღნიშნულ მოდულში ასევე წარმოდგენილია ნაკადების დიაგრამა და რუკა, რომელზეც დატანილია საქართველოში
არსებული ძირითადი ელექტროსადგურების ადგილმდებარეობა ქარის, თბო და ჰიდროელექტროსადგურების ჩათვლით.
„საქსტატის“ მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს სანდო, სრულყოფილი და ადვილად გამოსაყენებელი სტატისტიკური ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ენერგეტიკული პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვის პროცესს ყველა დონეზე.
ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://energy.geostat.ge/ge/“, – ნათქვამია ინფორმაციაში.