საქსტატი: 2023 წლის ბოლოს თბილისში ახალაშენებული ბინები გაძვირდა

თბილისში, გასული 2023 წლის ბოლო სამ თვეში, ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა მოიმატა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ბინების ფასმა განსაკუთრებით მთაწმინდის რაიონში მოიმატა.
“2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი. გასული წლის IV კვარტალში, III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების (2.5%), ისე კერძო სახლების (4.3%) ღირებულება. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში ბინებზე 14.2%, კერძო სახლებზე კი 8.6% შეადგინა”, – წერს საქსტატი.
თბილისის უბნების მიხედვით, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ბინების სეგმენტში შემდეგია:
· მთაწმინდა – 5 528 ლარი;
· ვაკე – 4 900 ლარი;
· საბურთალო – 3 767 ლარი;
· კრწანისი – 3 577 ლარი;
· ჩუღურეთი – 3 480 ლარი;
· დიდუბე – 3 375 ლარი;
· ნაძალადევი – 3 361 ლარი;
· ისანი – 3 273 ლარი;
· გლდანი – 3 238 ლარი;
· სამგორი – 3 065 ლარი.
კერძო სახლების შემთხვევაში, 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი კი ასე გამოიყურება:
· მთაწმინდა – 4 424 ლარი;
· ვაკე – 3 301 ლარი;
· საბურთალო – 2 982 ლარი;
· დიდუბე – 2 966 ლარი;
· ჩუღურეთი – 2 814 ლარი;
· კრწანისი – 2 723 ლარი;
· ისანი – 2 525 ლარი;
· ნაძალადევი – 2 122 ლარი;
· სამგორი – 2 117 ლარი;
· გლდანი – 2 107 ლარი.
ასევე, აღსანიშნავია, რომ RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს თბილისის ტერიტორიაზე.