საქსტატი: უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3% შეადგინა.
2023 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა რაოდენობა 74.3 ათასი კაცით (8.4%) გაიზარდა და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა.
2023 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში — 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.8 პროცენტული პუნქტით
და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9%-ს შეადგენს.
საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში — 1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5%-ს და 16.8%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.3%-ს, ხოლო კაცებში 65.9%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში — 1.9 პროცენტული პუნქტით.
2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.2 პროცენტული პუნქტით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება – ასეთი ტენდენციები, არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს