საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4461 გემი, რომელთა 48.9% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 26.9 % — თხევადი ტვირთმზიდი, 13.4 % — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.8 % ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 54.6 %-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 30.0 %-ით მეტი — სპეციალიზებული, 39.4 %-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 7.0 %-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
„2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.6 პროცენტი — თურქეთის, 10.8 პროცენტი — მალტის, 7.2 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.5 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა. 2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 50.4 პროცენტს შეადგენდა. 2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 293.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 34.5 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.8 პროცენტი — ნაყარი ტვირთი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.




