„საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში რთველი გაიმართა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ყურძნის კრეფის პროცესში თანამშრომლებთან ერთად „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აქტიურად იყო ჩართული. ვაზის ზეიმში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ. რთველში აქტიურად ჩაერთნენ, აგრეთვე, „საქპატენტის“ სტუმრები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან (WIPO) – აკადემიის ტრენერები და საერთაშორისო ექსპერტები.
„რთველის ღონისძიებაზე „საქპატენტს“ ესტუმრნენ, ასევე, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები და მათი მშობლები, ცენტრის ხელმძღვანელთან ნანა გოგოჭურთან ერთად. „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, გამოგონებისა და დიზაინის შესახებ სახალისო მაგალითებითა და ისტორიებით, ბენეფიციარებს ინტელექტუალური საკუთრების დანიშნულება გააცნო და სფეროს მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურძნის კრეფის დროს გიორგაძემ ბავშვებს იმ გეოგრაფიულ ადგილებზე უამბო, სადაც ვაზი გამორჩეულად ხარობს, ყურძენი კი განსაკუთრებულ გემურ თვისებებს და ხარისხს იძენს. მან ყურადღება გაამახვილა სხვა ქართულ უნიკალურ პროდუქტებზეც, რომლებიც გეოგრაფიულ აღნიშვნებად, ადგილწარმოშობის დასახელებებადაა მონიშნული და განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებმა, რთველის სხვა მონაწილეებთან ერთად, უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ყურძნის დაწურვის პროცესში და საკუთარი ხელით დაამზადეს ჩურჩხელებიც. ცენტრის ბენეფიციარებმა ორგანიზაციის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს, მათ შორის, „საქპატენტის“ პოლიგრაფიაში დაბეჭდილი საბავშვო ზღაპრები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ, კომიქსები და პროექტის „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ ფარგლებში მომზადებული შემეცნებითი სასწავლო მასალები.
სოსო გიორგაძემ ცენტრის აღსაზრდელებთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა „საქპატენტის“ რთველში ტრადიციად ჩამოყალიბდება, რაც დაეხმარება მოზარდებს უფრო მეტი გაიგონ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, გაიღრმაონ ცოდნა ამ მიმართულებით, რათა მომავალში ეზიარონ ამ დარგის საფუძვლებსა და, სურვილისამებრ, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
„საქპატენტში“ ვენახის მოვლა, დამუშავება და ყურძნის მოსავლის მოყვანა უკვე ტრადიციად იქცა. რთველი მევენახისთვის შრომითი საქმიანობის ბოლო ეტაპია და „საქპატენტის“ თანამშრომლებმა ყურძნის მოსავალიც მოიწიეს და სტუმრებთან ერთად რთველის ღონისძიებაც ნაყოფიერად ჩაატარეს. ყურძნის მტევნებით ხელდამშვენებულმა სტუმრებმა და მასპინძლებმა ხვავი და ბარაქა უსურვეს ერთმანეთს და მწიფე, ტკბილი ნაყოფიც დააგემოვნეს.
„საქპატენტის“ ვენახში ხარობს რქაწითელი, ხიხვი, ქისი, შავკაპიტო და სხვა 29 ჯიშის ყურძენი“, – ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.