„საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში მოეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ ცენტრად გარდაიქმნება.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შენობაში განთავსდება სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორისაა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას და აღჭურვილი იქნება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.
„საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი დაარსდა 2015 წელს საქართველოს მთავრობასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO) შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. დაარსების დღიდან, WIPO-ს აკადემიისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რეგულარულად ხორციელდება მასშტაბური სასწავლო აქტივობები, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს, გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალიზებული საერთაშორისო კურსი, რომელსაც წელს 14 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომელიც 2016 წლიდან „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა“ (ELSA Georgia) და „საქპატენტის“ თანამშრომლობით ყოველწლიურად ხორციელდება და მასში უკვე მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა სტუდენტმა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. აღსანიშნავია, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი DL101GE, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და 1500-ზე მეტ დაინტერესებულ პირს აქვს წარმატებით გავლილი. „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტი იყო საჯარო სკოლის მასწავლებლების გადამზადება ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სისტემატურად ტარდება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები, სემინარები და კონფერენციები, რაც ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 სასწავლო აქტივობას მოიცავს და რამდენიმე ასეულ მონაწილეს აერთიანებს. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია WIPO-ს აკადემიის მხარდაჭერით ქართველი მოსამართლეებისთვის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სპეციალიზებული დისტანციური კურსის დანერგვა, ასევე, სასაქონლო ნიშნების შესახებ თვითმართული ონლაინ კურსი მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) წარმომადგენლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ, სასწავლო პროგრამების მატებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება მომართვიანობის დინამიკაც. ამას ემატება სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები, კერძოდ, პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და განგრძობადი პროფესიული განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, რაშიც წამყვანი როლი ეკისრება ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრს.
ინტელექტუალური საკუთრების განათლების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების საქმეში მნიშვნელოვანია, ასევე, ისეთი ორგანიზაციების მტკიცე მხარდაჭერა, როგორიცაა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) და ევროპის საპატენტო უწყება (EPO).
სასწავლო ცენტრის განვითარების პოტენციალის შემდგომი რეალიზებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევას არსებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, რაც აფერხებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის ორგანიზებას და არ პასუხობს ახალ ხედვას და საჭიროებებს. ამდენად, ქუთაისში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის გადატანა ინტელექტუალური საკუთრების დარგის შემდგომი განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში გაუმჯობესებული სტანდარტისა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე, ახალი ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის ერთ სივრცეში წარიმართოს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესები, მათ შორის: ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო თემატური კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები, საჯარო ლექციები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, საკვალიფიკაციო გამოცდები და მოსამზადებელი კურსები. ასევე, ამავე სივრცეში განხორციელდება დარგობრივი მიმართულების საგამომცემლო და პოლიგრაფიული საქმიანობა, საბიბლიოთეკო მომსახურება და მოეწყობა თემატური გამოფენები. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და აღჭურვასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად იქნება დაფინანსებული „საქპატენტის“ მიერ.
საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას, რაც დიდწილად დამოკიდებულია მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსების არსებობასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე. შესაბამისად, „საქპატენტისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივება, მათი მოზიდვა და აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობებსა და სტაჟირების პროგრამებში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ქუთაისში განთავსება კიდევ უფრო მასშტაბურ მნიშვნელობას სძენს „საქპატენტისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უახლეს ინიციატივას, რომლის შედეგადაც საქართველოში მომავალი წლიდან ინერგება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“.
ამრიგად, „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ქუთაისში მოწყობა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების განათლების სისტემის სტრატეგიული განვითარების გადამწყვეტი ნაბიჯია, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და შემდგომ განვითარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.