“საქნახშირში” რეორგანიზაცია დასრულდა – კომპანია შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

“საქნახშირის” განცხადებით, კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებშია აღნიშნული, რეორგანიზაციით გათავისუფლებული 38 პირიდან 31-თან გადამზადების პროგრამის შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდება.
„საქნახშირში“ განმარტავენ, რომ გადამზადების პროგრამა 15 იანვარს დაიწყება და მას კომპანია დააფინანსებს. ამასთან, სამთო-მოპოვებითი კომპანიის მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ ახალი შახტის მშენებლობისთვის 180 სპეციალისტის დასაქმება იგეგმება, რაშიც ჩართვა, პირველ რიგში, ტყიბულის მოსახლეობას და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს შეეძლებათ.
„კომპანიამ გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზა 38 ადამიანს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა (ჯამში 38 დასაქმებული).
მათგან შვიდმა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი (მათთან 2 თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება).
დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა.
15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180 სპეციალისტის დასაქმება.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მცხოვრებლებს და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს.
კადრების გადამზადების პროგრამას საქნახშირი სრულად დააფინანსებს.
გრაფიკთან და პროფესიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია 10 იანვრის შემდეგ გამოქვეყნდება.
საქნახშირი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ერთგული სამსახურისთვის და ძალ-ღონეს არ დაიშურებს დასაქმებულების კეთილდღეობისა და პროფესიული წინსვლისთვის.
ტყიბული არის და იქნება წარმატებისა და აღმშენებლობის მაგალითი!“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში „საქნახშირიდან“ 40 ადამიანი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ სურამელაშვილმა გააჟღერა, რასაც „საქნახშირის“ განცხადება მოჰყვა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სამსახურიდან გაშვებული პირები გადამზადების შემთხვევაში სამსახურში დაბრუნებას შეძლებდნენ.