საქმიან ტურიზმში არაფერი ხდება, ყველაფერი დაპაუზებულია – ნინო ჩუბინიძე

თბილისში, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური დირექტორის ნინო ჩუბინიძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სასტუმროს იანვარში სტუმრების 20%-იანი კლება ჰქონდა და ასევე, მისი თქმით, „საქმიან ტურიზმში არაფერი ხდება“.
„შოთა რუსთაველი“ თბილისში, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს. ბუტიკური ტიპის სასტუმრო 55-ნომრიანია. აქვს რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.
„თბილისმა, როგორც საქმიანი ტურიზმის მთავარმა მიმართულებამ, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი [მნიშვნელობა]. ჩვენ გვყავს ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ამ წუთს ყველაფერი დაპაუზებულია; არანაირი ღონისძიებები არ ტარდება. არაფერი ხდება საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. საერთაშორისო პროექტები ჩერდება ან რაღაცები დაპაუზდა. მოგზაურებიც იმდენი აღარაა, [როგორც შარშან გვყავდა]. თან ეს ხდება იმ დროს, როცა ქალაქში სასტუმროებს შორის კონკურენცია მკვეთრად გაზრდილია საწოლფონდიდან გამომდინარე, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როცა ამხელა შემცირებაა ვიზიტორების, მნიშვნელოვანია სექტორის დახმარება თუნდაც იმისთვის, რომ კადრები შევინარჩუნოთ და აქტიურ სეზონს მომზადებული შევხვდეთ“, – განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.
ჰოტელიერი გულისხმობს თებერვალ-მარტში მაინც საშემოსავლოს და დღგ-ის გადასახადების გადახდის გადავადებას, რადგან იმედოვნებს, რომ აპრილიდან მდგომარეობა გამოსწორდება.
„წერტილის“ წამყვანის რეპლიკაზე – „ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ტურიზმში გარკვეული ბიზნესები დაზარალდნენ, მაგრამ მთლიანობაში, სექტორზე გავლენა არ მოუხდენია, ამიტომ არ იგეგმება დახმარება ან შეღავათები“, სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალურმა მენეჯერმა იმედი გამოთქვა, რომ ლევან დავითაშვილი ტურიზმში არსებულ მდგომარეობას ზამთრის კურორტებზე არსებული ვითარებით არ ზომავს.
„იმედია, ზამთრის კურორტებზე უცხოელი ტურისტებიც არიან და ყველას მინდა ბევრი დამსვენებელი ვუსურვო, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთრის კურორტებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო არის შიდა ტურიზმი – თბილისიდან და რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები“, – დასძინა ჰოტელიერმა.
“შოთა რუსთაველის“ გენერალური დირექტორის თქმით, იანვარში დაუდგათ საჭიროება, რომ ხელფასებისთვის საჭირო თანხა სასტუმროს მფლობელისთვის ეთხოვათ. მისივე ინფორმაციით, განთავსების გარკვეული ობიექტები იძულებულები არიან, შექმნილი ვითარების გამო, კადრების ნაწილი გაუშვან ან ხელფასები შეამცირონ და ნაწილი კი, საერთოდ დაიხურა.
ვიცი ობიექტები, რომლებიც დაიხურა, ვიცი ობიექტები, რომლებსაც მოუწიათ ხელფასების და კადრების შემცირებაც; ვიცი, რომ ეს ხდება საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებშიც, რომლებსაც მყარი მარკეტინგი და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ და თითქოს მათი მდგომარეობა ბევრად უფრო ძლიერია და მყარია ბაზარზე, მაგრამ მათაც შეეხოთ [გამოწვევები]“, – აღნიშნა ნინო ჩუბინიძემ.