საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს, 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლოს მიერ „გოლოსის“ თანათავმჯდომარის, გრიგორი მელკონიანცისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც დაცვის მხარემ ახლახან მიიღო და მასში პრაქტიკულად, გათანაბრებული არიან „გოლოსი“ და ხელისუფლების მიერ „არასასურველ ორგანიზაციად” გამოცხადებული ENEMO, რომელიც რუსეთში არჩევნებს არასდროს აკვირდებოდა და არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა.
„გოლოსის“ განცხადებითვე, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი საზოგადოებრივი მოძრაობის უკანონო ქმედებებისა და რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების დამადასტურებელი ფაქტები.
მიუხედავად ამისა, მოძრაობის თანახმად, სასამართლოს განაჩენი „გოლოსს“ არჩევანს არ უტოვებს, რადგან სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოძრაობის ყველა წევრს, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც „გოლოსს“ მიმართავდნენ კონსულტაციისა და იურიდიული დახმარებისთვის.
საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებით, გრიგორი მელკონიანცის დაპატიმრებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – „გოლოსის“ გაჩუმება.
„სამართლიანობა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ იმარჯვებს. მისთვის უნდა იბრძოლო და ყოველთვის არსებობს დამარცხების რისკი. ამჯერად ასე გამოვიდა“, – წერია „გოლოსის“ განცხადებაში.
ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, „გოლოსის“ თანათავმჯდომარე გრიგორი მელკონიანცი 2023 წლის აგვისტოში დააკავეს. 2025 წლის მაისში მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ მელკონიანცი დამნაშავედ ცნო რუსეთში „არასასურველი” არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიების ვერსიით, მოძრაობა „გოლოს“ შედიოდა არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციათა ევროპულ ქსელში (ENEMO), რომელიც 2021 წლიდან რუსეთში „არასასურველადაა“ გამოცხადებული. მოძრაობა „გოლოსმა“ არაერთხელ განაცხადა, რომ 2020 წელს ლიკვიდირებული ასოციაცია „გოლოსისგან“ განსხვავებით მას ENEMO-სთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
რუსეთის ხელისუფლებამ „გოლოსი“ ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში შეიყვანა, თუმცა ოფიციალურად მისი საქმიანობა არ აუკრძალავს.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი ორგანიზაციის საქმიანობა.
ფორუმი
