გელა ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურას ხასაიას წინააღმდეგ ნეიტრალური მტკიცებულებები არ აქვს. ფურცელაძის თქმით, წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და საქმეში არ დევს ვიდეოჩანაწერები.
“ბუნებრივია, მოკლე დროში მე საქმის მასალების სრულად გაცნობის საშუალება არ მქონია, მაგრამ გადახედვით და ნუსხის გაცნობით ვნახეთ, რომ არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიც არის კამერის ჩანაწერები და სხვა რაიმე ინფორმაციის მატარებელი, არ დევს. საქმეში არის მხოლოდ ამ პირების ჩვენებები. ამ პირების ვინაობებს ჩვენ გამოვიკვლევთ. ბუნებრივია, გამოვიკვლევთ მათ კავშირებს და ინტერესებს გელა ხასაიას მიმართ და გავიგებთ იმასაც, რა მოტივი აქვთ მაშინ, როცა გარკვეული ტიპის ჩვენებას აძლევენ, რაც მერე ხდება გელა ხასაიას ინტეგრირების წინაპირობა”, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ მას შემდეგ, რაც იზოლატორში ხასაიასთან ერთად ბრალის დადგენილებას გაეცნო.
ფურცელაძის თქმით, ხასაია მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, იღებდა მუქარებს, მათ შორის, სამართალდამცველების მხრიდან.
“გელას დამოკიდებულება ცხადი და ერთმნიშვნელოვანია – მიუხედავად იმისა, რომელი იქნება იქ მუხლი და რამდენი იქნება სასჯელი, ჯამში, ერთია, რომ გელას მიმართ წარდგენილი ბრალდება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა და არ შეიძლება ჰქონდეს სხვა რაიმე საფუძველი. გელა თვეების და წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, იღებდა მუქარებს, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის გამო დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში. მათ შორის დაკავების შემდგომაც გელას უთხრეს, რომ დაპირება შეუსრულეს და ამიტომ აკავებდნენ სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, გელასთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება მუხლი და ბრალდება მის წინააღმდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე ბრალდება შემთხვევითი არ ყოფილა. გარკვეულწილად, გადაზღვევა მოხდა და შექმნეს სურათი იმისთვის, რომ გელა ხასაიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, არ ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობაზე ნაკლებად მძიმე ღონისძიება”, – ამბობს ომარ ფურცელაძე.
ხასაიას ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. უწყების ცნობით, ხასაიასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც იგივე ბრალი აქვს წარდგენილი. თუმცა ხასაია ამბობს, რომ ამ პიროვნებას არ იცნობს და მისი სახელი საქმის მასალებიდან გაიგო.
ინციდენტი პირველ სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მოხდა. გელა ხასაია თითქმის ერთი თვის შემდეგ, 29 სექტემბერს დააკავეს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




