„საქართვეოლში ესთეტიკური პროცედურები ყოველგვარი კონტროლის გარეშე ტარდება“

საექიმო ესთეტიკური პროცედურები, როგორიცაა ბოტოქსი ან ფილერის შეყვანა, საქართველოში უკონტროლოდ ტარდება. ამის შესახებ პლასტიკურმა ქირურგმა, პროფესორმა, გია გვარამიამ პოდკასტში “კოტcast-ს აქ ● AQ” განაცხადა.
“ნებისმიერი საექიმო ესთეტიკური პროცედურა ყოველგვარი კონტროლის გარეშე კეთდება. ასე ვთქვათ ჯინი გამოშვებულია და ამის დარეგულირება რთული იქნება. თუ ვინმე ისჯება, ისჯება ლიცენზირებული კლინიკა, არალიცენზირებულები კი რეგულაციის მიღმა არიან,“ – აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველოში ესთეტიკური ქირურგია ძალიან განვითარდა და ბოლო 25 წლის განმავლობაში ასეთი ოპერაციების რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა. თუმცა, მისივე განცხადებით, ამას თან სდევს დარგის ზედმეტად კომერციალიზაცია, რის გამოც არაერთი ექიმი, განსაკუთრებით კი დარგში ახლადშესული, ფინანსურ მხარეზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე – პაციენტის უსაფრთხოებაზე.
გია გვარამიას ინფორმაციით, დღეს საქართველოში პლასტიკურ ოპერაციებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა მკერდისა და ცხვირის კორექციაზეა. შემდეგ მოდის ლიპოსაქცია, სახეზე ჩარევები გაახალგაზრდავების მიზნით და ა.შ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს 2021-2030 წლის გეგმის მიხედვით, სამედიცინო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები პლასტიკურ ქირურგებს აქვთ. 2021 წლის მონაცემებით, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის სპეციალისტების ნაწილი 46,505 ლარს გამოიმუშავებს.
jandacva.ge