საქართველო NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

მოლდოვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8-21 აპრილს რუმინეთის საზღვაო ძალები NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებს “Sea Shield 24” გაუწევს ორგანიზებას.
მასში 12 მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის: ბულგარეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, და ნიდერლანდები.
ჯამში შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ჩატარებულ წვრთნებში 2 200-ზე მეტი სამხედრო და 135 ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული, რომლებიც ზღვასა და მდინარეში არალეგალურ ქმედებებთან ბრძოლაში, ზღვისა და მდინარეების კონტროლის დამყარებაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში, საფრთხის ქვეშ მყოფი გემების დახმარებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ივარჯიშებენ.
“Sea Shield-ი” პირველად 2015 წელს ჩატარდა და წვრთნების მიზანი რეგიონულ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას მოიცავს.