“საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია” | Reuters-ის სტატია

“ამ კვირაში, ევროკავშირის სამიტზე, კიდევ ერთი პოტენციური წევრი, საქართველო, ასევე შეეცდება პროგრესს სასურველ კლუბში საბოლოო შესვლისთვის”, – ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემის Reuters-ის სტატიაშია საუბარი. სტატიაში საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის 14-15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
სტატიაში წერია, რომ “გამოკითხვების თანახმად, საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის 90%-მდე მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ლურჯი და ყვითელი ევროპული დროშები კი ყველგან არის გავრცელებული დედაქალაქ თბილისში და ფრიალებს როგორც სამთავრობო და ბიზნეს შენობებიდან, ასევე კერძო სახლებიდან”.
“ჩემი ოცნებაა, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილად დავინახო. ჩვენც გვიყვარს თავისუფლება. ამისთვის საუკუნეებია ვიბრძვით”, – უთხრა გამოცემას 40 წლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი პოპიაშვილმა.
Reuters წერს, მოსახლეობის “ასეთი ენთუზიაზმი”, ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ იქნება.
“მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად უჭერს მხარს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას, მაგრამ რეფორმების გამოცდილებამ გააჩინა კითხვები, რამდენად სერიოზულია ეს. ს მიმართ მთავრობის შემრიგებელმა პოზიციამ ბრიუსელიც გააღიზიანა”, – წერია სტატიაში.
„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო დაინტერესებულია რუსეთთან ბიზნესის კეთებით, ვიდრე ევროკავშირის გზაზე წინსვლით“, – ციტირებს Reuters ევროკავშირის მაღალჩინოსანს, რომელიც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ “საქართველომ უკან დაიხია ზოგიერთ საკვანძო რეფორმაში, თუმცა ევროკავშირს არ სურდა ისეთი ქვეყნის გაუცხოება, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ დაბრუნებულიყო”.
”ასე რომ, ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი ბალანსის პოვნაა…” – წერს Reuters.