საქართველო EQAR-ის რეგისტრაციიდან ამოიღეს – ნანა ტოხვაძე

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა საქართველოს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება. რაც განპირობებული იყო ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების ხარვეზებით,- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ნანა ტოხვაძემ, ოპოზიციური პარტიების საერთო ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, შექმნილ მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკურ პროცესებზე, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„ჩვენი, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციების ვალდებულებაა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ განათლება ისეთივე საფრთხეშია, როგორც მთელი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა საქართველოს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება. რაც განპირობებული იყო ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების ხარვეზებით. უმაღლესი განათლების ევროპული ხარისხის ასოციაციის (ENQA-ს) წევრობა ხელისუფლების ერთადერთ მიღწევად ითვლებოდა. თუმცა, დღეს უკვე დადასტურდა, რომ ევროპულ სტანდარტებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ აკმაყოფილებს. ეს კი ახლო მომავალში სხვა წევრობებსაც ეჭვქვეშ დააყენებს. საქართველოს უმაღლეს განათლებას ნდობას დააკარგვინებს საერთაშორისო აღიარების კუთხით, ფინანსურად სერიოზულად შეარყევს განათლების სისტემას და ევროპული განათლების სივრცესთან თანამშრომლობის პერსპექტივას. ცხადია, შექმნილ მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.