საქართველო ADB-სგან 46.2 მლნ ევროს ისესხებს – როგორია სესხის პირობები და რას მოხმარდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ შესახებ.
პარლამენტისთვის წარდგენილი განმარტებითი ბარათის თანახმად, სესხის მოცულობა 46.275 მლნ ევროს შეადგენს. სესხის გაცემა ორ ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, წლის ბოლომდე დაგეგმილია 23 137 500 ევროს ოდენობის სესხის გაცემა საქართველოსთვის, ხოლო დარჩენილი მეორე ეტაპად 2025 წელს გაიცემა.
სესხის ფინანსური პირობები ასე გამოიყურება:
· სესხის თანხა: 46 275 000 ევრო
· საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი, EURIBOR-ზე დაფუძნებული ფიქსირებული მართა +0.6% (მიმდინარე წლის 23 აპრილის მდგომარეობით EURIBOR შეადგენს 3.844%)
· სესხის ხანგრძლივობა: 15 წელი (შეღავათიანი 3 წელი)
· ვალდებულების გადასახდელი წლიური 0.15%
აღნიშნული სესხი მიემართება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას. პარლამენტის ინფორმაციით, პროგრამის ძირითადი მიზანია ჯანდაცვის სექტორის მმართველობის, დაფინანსების ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
უფრო კონკრეტულად სესხით განხორციელებული პროგრამები მოიცავს:
· პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდასა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირებას;
· მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას მომსახურების ყველა დონეზე გაზრდილი სტრატეგიული შესყიდვების გზით;
· ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებას, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების მართვისთვის;
· მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარიხის ანგარიშვალდებულებს.
პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღი 2025 წლის 30 აპრილი.
bpn.ge