საქართველოს U16 საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელელი თანატოლები ანგარიშით 66:70 დაამარცხა და ევროპის ელიტარულ 16 ნაკრებში ადგილი კვლავ შეინარჩუნა. ისრაელის დამარცხების შედეგად, ჩვენი ნაკრები, ზედიზედ მესამედ, A დივიზიონში იასპარეზებს.
ჯგუფურ ეტაპზე, ქართველ კალათბურთელებს ურთულეს მეტოქეებთან – გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან მოუწიათ პაექრობა, მერვედფინალში კი D ჯგუფის გამარჯვებულთან, ლატვიის ნაკრებთან ითამაშეს და სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ. ამის შემდეგ, საქართველოს U16 ნაკრები A დივიზიონში დასარჩენ ეტაპზე გადაერთო, სადაც ისრაელის ნაკრებთან გამარჯვება იზეიმა (66:70).
მთელი მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრები ისრაელელ თანატოლებზე უკეთესად თამაშობდა, რაც ანგარიშშიც იყო ასახული (14:22, 12:15, 17:15, 23:18). თუმცა ბოლო მეოთხედში, ისრაელმა “ქამბექის” შესრულება შეძლო და 5 ქულით დაწინაურდა, რამაც ჩვენს კალათბურთელებს ახალი ენერგია შთაბერა: ჯერ გავათანაბრეთ, შემდეგ კი საბა პატაშურისა და გიორგი გოგოლაშვილის უზუსტესი და უმნიშვნელოვანესი სროლებით, 5 ქულით წინ გავიჭერით, რამაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ქართველი კალათბურთელების მხრიდან, ყველაზე მეტი ქულის მოგროვება ლუკა ფოჩხუამ შეძლო, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 6 მოხსნა იყო. მოხსნების რაოდენობით გამოირჩა სანდრო შერვაშიძე, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო (11 ქულა, 10 მოხსნა).
9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში, საქართველო ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს: წინ საბერძნეთის ნაკრები გველოდება და მისი დამარცხების შემთხვევაში, რუმინეთი v გერმანიის წყვილის გამარჯვებულს შევხვდებით: შეხვედრა მე-9 ადგილის მფლობელს გამოავლენს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
