საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით – PISA
PISA-მ (მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამა), რომელიც მსოფლიოს ქვეყნების განათლების სისტემის შეფასების კუთხით კვლევებს 2000 წლიდან ატარებს, 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია საგანმანათლებლო სისტემების საშუალო ქულები კითხვაში (წაკითხულის გააზრება), მათემატიკასა და მეცნიერებაში.
საქართველო ვერც ერთი მიმართულებით ვერ მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ამ დისციპლინებისა და უნარების ცოდნის დონე საშუალოა.
PISA მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით, მე-60-ზე – მათემატიკისა და 66-ეზე მეცნიერების ცოდნით.
სამივე მიმართულებით უმაღლესი ქულები აქვს სინგაპურს, ხუთეულშია – ჩინეთი, იაპონია, კორეა და ირლანდია.
ევროპის ქვეყნებიდან ათეულში მოხვდა ასევე ესტონეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია და ფინეთი. აღსანიშნავია, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან PISA-ს ათეულში მხოლოდ ესტონეთია. ათეულშია ასევე აშშ, ახალი ზელანდია და კანადა.
მეზობელი ქვეყნებიდან 40-ეულშია თურქეთი; აზერბაიჯანი 55-ზეა მათემატიკის ცოდნით , 69-68-ე ადგილებზე კითხვასა და მეცნიერებაში; სომხეთი და რუსეთი კვლევაში არ იძებნება.
ბოლო ათეულშია: კამბოჯა, უზბეკეთი, კოსოვო, ფილიპინები.