საქართველო 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

2025 წელს, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
მიმდინარე წელს საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა. განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო ქვეყანაში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკებზე მიუთითებს.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა. Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანას გააჩნია ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. როგორც Moody’s მიიჩნევს, ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებაც, რაც უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.
2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო რვა ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა. საქართველომ რეიტინგში, ორივე – როგორც პოზიცია, ასევე ქულა გაიუმჯობესა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 60.6 ქულით (მაქსიმალურია 100 ქულა) 74-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. რეიტინგში ყველაზე მაღალ პოზიციაზე – 59-ე ადგილზე საქართველო 2016 წელს იყო.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY 2025) საქართველო მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 პოზიციას იკავებს კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა ინოვაციების გლობალური ინდექსის 2025 წლის რეიტინგი, სადაც საქართველო დაწინაურდა, შარშანდელი მაჩვენებელი ერთი პოზიციით გააუმჯობესა და 56-ე ადგილი დაიკავა.