“საქართველო ძალიან რთული პროდუქტია… ბოლო პერიოდის მოვლენები არ უწყობს ხელს ავიაბაზრის განვითარებას” – დეა მაჭავარიანი

„ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, მაინცდამაინც არ უწყობს ხელს ავიაბაზრის განვითარებას“, – ასე უპასუხა ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი დეა მაჭავარიანი „საქმის კურსის “ კითხვას „როგორ აისახება დღეს საქართველოსთან დაკავშირებული საერთო ფონი ავიაბაზრის განვითარებაზე?
ავიაბაზრის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზოგადად, საქართველოს ავიაბაზრის განვითარება სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც ბევრ ავიაკომპანიას აქვს კითხვები უღირს თუ არა საქართველოში ფრენა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამა თუ იმ მიმართულებას ჰყავდეს ან გარანტირებული მგზავრთნაკადი, ან შეთავაზებული იყოს მარკეტინგული მხარდაჭერის პაკეტები.
„ზოგადად, საქართველოს ავიაბაზრის განვითარება არის ძალიან რთული. საქართველო არის ძალიან რთული პროდუქტი. ერთის მხრივ, არიან მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ფრენებზე არის მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ, არის ევროპა, რომელიც არის შორს, საშუალოდ 4 საათიანი ფრენის მანძილზე, რაც ძვირი ჯდება და ამიტომ ავიაკომპანიებს უნდა უღირდეს საქართველოში შემოსვლა. ამისათვის კი უნდა იყოს ან გარანტირებული მგზავრთნაკადი, ან მარკეტინგული მხარდაჭერის მაღალი პაკეტი. საქართველოში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომ ვიზიტორები ჩამოვიდნენ მასობრივად. ძალიან რთული პროდუქტია და ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, მაინცდამაინც არ უწყობს ხელს ავიაბაზრის განვითარებას“, – ამბობს დეა მაჭავარიანი.
ჰერაკლიონის აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი იმაზეც მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ დიდი ძალისხმევა გასწია ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად.
„Transavia-ს შემოსვლა, Eurowings-ის შემოსვლა,Edelweiss Air-ის შემოსვლა … Easyjet-ის შემოსვლა… ჯერ კიდევ აეროპორტების გაერთიანებაში ვმუშაობდი, როდესაც Easyjet-თან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. 2015 წლიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამ ავიაკომპანიასთან და არც მჯერა, რომ ეს დღე დადგა. ყოველთვის გვეუბნებოდნენ: რატომ უნდა ვიფრინოთ საქართველოში? რა არის საქართველოში ისეთი, რაც არ არის ტენერიფეში?… გვირჩევნია ბელფასტში ვიფრინოთ დღეში 5 რეისით, ნახევარ საათიანი ფრენით და ამოვიღო თანხები, ვიდრე ვიფრინოთ საქართველოში, სადაც 5.5 საათია ფრენა, არ მეყოლება გარანტირებული მგზავრები, არც ვიცი რეისი შეივსება თუ არა… არანაირი მარკეტინგული მხარდაჭერა და ინსენტივი არ ხდიდა ამ მიმართულებას მათთვის საინტერესოს. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა და ეს დღეც დადგა“, – ამბობს დეა მაჭავარიანი.
კითხვაზე: რა არის საქართველოს ავიაბაზრის მთავარი გამოწვევები? დეა მაჭავარიანი 3 ძირითად ფაქტორს ასახელებს: რეგიონში სტაბილურობა; ევროპული ავიაკომპანიებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება (როგორც კი ეს დადგება რისკის ქვეშ მაშინვე გავლენ ავიაკომპანიები ბაზრიდან) და აეროპორტების მიმზიდველი ტარიფები.