საქართველო ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება და 193 ქვეყანას შორის 57-ე ადგილს იკავებს – UNDP
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ადამიანის განვითარების უახლესი ინდექსი (HDI) გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. 0.844 მაჩვენებლით, საქართველო ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება და 193 ქვეყანასა და გაეროს მიერ აღიარებულ ტერიტორიას შორის 57-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს განვითარების უფრო ჩაღრმავებული ანალიზისთვის, UNDP ახდენს თითოეული ქვეყნის HDI-ის კორექტირებას ჯანმრთელობის, განათლებისა და ცხოვრების სტანდარტის მხრივ არსებული უთანასწორობისა და გარემოზე ზეწოლის გათვალისწინებით, რაც ინდექსის პირველადი მონაცემის შეცვლას იწვევს. რაც უფრო მეტად მცირდება ინდექსის მაჩვენებელი, მით უფრო საყურადღებოა კონკრეტული ქვეყნის გამოწვევები თანასწორი და კლიმატგონივრული განვითარების მიმართულებით.
საქართველოს შემთხვევაში, უთანასწორობის გათვალისწინებით კორექტირებული ადამიანის განვითარების ინდექსი (IHDI) 10.7 პროცენტს კარგავს და 0.754-ს უტოლდება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა, რომელიც ადამიანის განვითარების საკვანძო სფეროებზე წვდომის გამოწვევებზე მიუთითებს.
გარემოზე ზეწოლის მიხედვით გადათვლილი საქართველოს ინდექსი (PHDI) მცირდება 0.772-მდე, რაც უკეთესი მონაცემია მსოფლიოსა და რეგიონის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. სხვა ფაქტორებთან ერთად, PHDI ერთ სულ მოსახლეზე ნახშირორჟანგის ემისიების რაოდენობას ითვალისწინებს და გარემოსდაცვითი მდგრადობის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
გენდერული უთანასწორობის ინდექსი (GII) რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ქალთა გაძლიერებისა და შრომის ბაზარში მონაწილეობის მხრივ არსებულ გამოწვევებს აფასებს. 2023 წლის მონაცემებით, საქართველო 66-ე ადგილზეა 172 ქვეყანას შორის, ხოლო მისი GII 0.257-ს შეადგენს.
2000-2023 წლებში, საქართველოს HDI 19.7 პროცენტით, 0.705-დან 0.844-მდე გაიზარდა, რაც შედარებით სტაბილურ გრძელვადიან წინსვლაზე მიუთითებს. თუმცა, 2020-იანების დასაწყისში, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებასთან ერთად, ეს დადებითი ტენდენცია შეიცვალა. პანდემიის დროს, ადამიანის განვითარების ინდექსი შემცირდა, ხოლო მომდევნო წლებში ისევ დაიწყო ზრდა, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ადრე.
ეს დინამიკა მიგვანიშნებს, რომ ადამიანის განვითარებაში რეალური წინსვლის მისაღწევად საჭიროა უფრო მდგრადი და მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა კლიმატისადმი მედეგობის, გენდერული თანასწორობისა და საყოველთაო განვითარებისთვის, რომლის შედეგებით ყველა ადამიანი ისარგებლებს.
„საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსი იმ მრავალწლიანი მუშაობისა და ინვესტიციების შედეგებს ასახავს, რომელსაც ქვეყანა ჯანმრთელობის, განათლებისა და ეკონომიკურ მდგრადობის მიმართულებით ახორციელებდა. თუმცა, ეს მონაცემები არსებულ გამოწვევებსაც წარმოაჩენს, განსაკუთრებით თანასწორობის, ინკლუზიურობისა და კლიმატგონივრული განვითარების მხრივ. UNDP მზადაა გააგრძელოს საქართველოს ხელშეწყობა თანასწორი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზაზე, რომელიც თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება“, – აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
2022 წლიდან, საქართველოში, ისევე როგორც ევროპისა და შუა აზიის სხვა ქვეყნებში, ადამიანის განვითარების უმნიშვნელო, თუმცა სტაბილური ზრდა აღინიშნებოდა. ევროპის რეგიონი ლიდერობს HDI-ის საშუალო მაჩვენებლებითა და ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების მქონე ქვეყნების რაოდენობით, რომელთა შორის პირველ ადგილებს ისლანდია (0.972), ნორვეგია (0.970) და შვეიცარია (0.970) იკავებენ.
გლობალური სურათი ნაკლებად ოპტიმისტურია. განვითარების სტაგნაცია მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა, ხოლო ქვეყნების უმეტესობა კვლავ ვერ დაუბრუნდა განვითარების ტემპის იმ ნიშნულს, რომელიც მათ კოვიდ-19-ის პანდემიამდე ჰქონდათ.
2023 წლის უახლესი მონაცემებისა და 2024 წლის პროგნოზების მიხედვით, განვითარების პროგრესი მცირდება, ხოლო მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის არსებული უთანასწორობა პირიქით, იზრდება.
მაღალი და დაბალი HDI-ის მქონე ქვეყნებს შორის განსხვავების ზრდა უკვე მეოთხე წელია შეიმჩნევა. ეს შემაშფოთებელი ტენდენცია ძირეულად ეწინააღმდეგება მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხედვას, რომელიც ყველა სახის უთანასწორობის შემცირებასა და აღმოფხვრას ითვალისწინებს. მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა დაბალი HDI-ის მქონე ქვეყნებში, სადაც განვითარების გამოწვევებს კიდევ უფრო აღრმავებს მზარდი სავაჭრო დაძაბულობა, საერთაშორისო ვალის კრიზისი და „უმუშევარი ინდუსტრიალიზაცია“ – ანუ ეკონომიკური ზრდა, რომელიც საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნას ვერ ახერხებს.
UNDP-ის ადმინისტრატორი აჰიმ შტაინერი გადაუდებელი ქმედების აუცილებლობაზე საუბრობს:
„ათწლეულებია ზედმიწევნით მივყვებოდით მდგრადი განვითარების მსოფლიო გეგმას, რომლის მიხედვით 2030 წლისთვის ქვეყნების უმრავლესობა ძალიან მაღალი განვითარების ჯგუფში უნდა გადასულიყო. თუმცა, განვითარების ტემპის შენელება სრულიად რეალურ საფრთხეზე მიუთითებს. იმ შემთხვევაში თუ ნელი განვითარების პროგნოზი ახალ რეალობად იქცევა, 2030 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევა შესაძლოა რამდენიმე ათეული წლით დაგვიანდეს, ხოლო ჩვენი მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხო, მეტად დანაწევრებული და ეკონომიკური თუ ეკოლოგიური შოკების მიმართ უფრო მოწყვლადი გახდება“, – განაცხადა აჰიმ შტაინერმა.
სრული ინფორმაცია ადამიანის განვითარების ინდექსზე რეგიონებისა და ცალკეული ქვეყნების მიხედვით ხელმისაწვდომია UNDP-ის ადამიანის განვითარების ანგარიშის ვებგვერდზე.
ადამიანის განვითარების ინდექსი
ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ შემუშავებული კომპლექსური საზომია, რომელიც 1990 წლიდან გამოითვლება და ქვეყნების განვითარებას სამი საკვანძო განზომილების მიხედვით აფასებს:
· ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება, რომელიც სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით დაბადებისას განისაზღვრება.
· ცოდნაზე წვდომა, რომელიც სწავლის წლებით საშუალო მაჩვენებლით იზომება.
· ღირსეული ცხოვრების დონე, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლით (GNI) განისაზღვრება.
HDI-ის მიზანია მსოფლიოს განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრებით, არამედ კეთილდღეობის უფრო ფართო და კომპლექსური მაჩვენებლებით შეაფასოს. ამ ინდექსის გამოყენება ხელს უწყობს პოლიტიკის კრიტიკულ ანალიზს, გვეხმარება გავიაზროთ, თუ რატომ ვერ აღწევენ ქვეყნები განვითარების მსგავს შედეგს, მაშინაც კი, თუ მათი GNI ერთ სულ მოსახლეზე თითქმის ერთნაირია.
უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის კი, HDI-ის კორექტირება ხდება როგორც საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის, ისე გარემოზე ზეწოლის გათვალისწინებით.
ადამიანის განვითარების ანგარიში
ადამიანის განვითარების ანგარიში (HDR) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საკვანძო გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს განვითარების მიმდინარე ანალიზს ემსახურება და ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციებს გამოავლენს. ადამიანის განვითარების ანგარიში მნიშვნელოვან მიგნებებს სთავაზობს როგორც პოლიტიკის შემქმნელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ისე მკვლევარებსა და განვითარების პროფესიონალებს.
2025 წლის ანგარიში „არჩევანის საკითხი: ადამიანები და შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ ეძღვნება ციფრული რევოლუციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას ადამიანის განვითარებაზე. ანგარიში იკვლევს, თუ როგორ აისახება ციფრული ტექნოლოგია ცხოვრებაზე, ეკონომიკასა და მმართველობაზე, როგორ რეაგირებენ ადამიანები ამ ძირეულ გარდაქმნაზე და თავად რა გავლენას ახდენენ ამ ცვლილებების მიმდინარეობაზე.
