ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე სხდომის ფარგლებში, საქართველო შეუერთდა ეუთოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებას, რომელიც გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის სისტემატურ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების უკანონო დამიზნება წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, კერძოდ კი — ჟენევის კონვენციებით განმტკიცებული „გამიჯვნის პრინციპის“ დარღვევას, და შესაბამისად, შესაძლოა, ომის დანაშაულებს წარმოადგენდეს. რუსეთს პასუხი უნდა მოეთხოვოს თავისი ქმედებებისთვის. დანაშაულები, მათ შორის ომისა და აგრესიის დანაშაულები, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ხოლო მსხვერპლებმა სამართალი უნდა იპოვონ“, — ნათქვამია განცხადებაში.
განსაკუთრებით შემაშფოთებლად არის შეფასებული, რომ ელექტრო ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ ბირთვული ობიექტების გარე ენერგომომარაგებისთვის აუცილებელ წყაროდ არის მიჩნეული, კვლავ რუსეთის დარტყმების სამიზნედ რჩება.
„ასეთი თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიის რისკს, რაც პოტენციურად მძიმე შედეგებს მოიტანს უკრაინისა და მის ფარგლებს გარეთ“,— ნათქვამია განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გადაუდებელ საჭიროებას.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე და სერიოზულად ჩაერთოს რეალურ მოლაპარაკებებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დასრულებისა და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის გაეროს ქარტიასა და ჰელსინკის საბოლოო აქტზე.
უკრაინამ და მისმა ხალხმა რუსეთის აგრესიული ომის დროს განსაკუთრებული მდგრადობა გამოავლინეს. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერისა ომის შედეგად დაზარალებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის, შეკეთებისა და აღდგენის მცდელობებში. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერების საკითხში უკრაინის ფართო გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ ღია ვართ უკრაინის მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
განცხადება მიღებულია ეუთოს შემდეგი წევრი სახელმწიფოების სახელით: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
განცხადებას ასევე უერთდებიან ეუთოს თანამშრომლობის პარტნიორები: ავსტრალია და იაპონია.




