საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის
საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტის (რეექსპორტი) რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, წელს 3 თვეში ყაზახეთში 5 803 ერთეული (221.969 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში 2 398 ერთეული ავტომობილი (87.123 მლნ აშშ დოლარი) გავიდა.
ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის.
„კომერსანტი“ გთავაზობთ იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტს ახორციელებდნენ:
შპს ბი თუ ბი – კომპანიის დირექტორი გიორგი შალამბერიძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი ნინო გველესიანი;
შპს გრანდი 2022 – კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.
შპს თბ ექს – კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი გურჩიანია.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელია, ხოლო მეწილეები ლევან სურგულაძე, გიორგი სურგულაძე, დავით გულაშვილი და გიორგი გულაშვილი არიან.
შპს ჯეო როუდი – კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.
2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 486.575 მლნ დოლარის ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 707.485 მლნ დოლარის (47 095 ერთეული).
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში 411.771 მლნ დოლარის (22 391 ერთეული) მანქანა გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 443.815 მლნ დოლარი (20 640 ერთეული) შეადგინა.