საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, თუმცა, ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესს – გიორგი გახარია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე
ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესსა და კეთილდღეობას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „x“-ზე დაწერა.
ის გუშინ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა.
როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველო თავის ღირსეულ გეოსტრატეგიულ ადგილს გარდაუვალად დაიკავებს.
„ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და მათ ლიდერებს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მშვიდობის არჩევასა და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მოწოდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, ხალხთა შორის კავშირების და ჩვენი საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად მოკავშირეებთან ერთად. თუმცა, ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესსა და კეთილდღეობას. მიუხედავად ამისა, საქართველო გარდაუვალად დაიკავებს თავის ღირსეულ გეოსტრატეგიულ ადგილს პრეზიდენტ ტრამპის, სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტში, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს გახარია.
