საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება – ევროპის საბჭოს კონგრესის დეკლარაცია

საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, – ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს პოლიტიკურ პლურალიზმს, შელახავს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, რაც ასევე დააზარალებს საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობას“.
კონგრესი „შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ უნდა შეასრულონ 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით მათ მიერ ხელახლა აღებული ვალდებულებები და რომ მათ შეიძლება, პასუხისმგებლობა დაეისროთ ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოების მხრიდან, თუკი ამას არ შეასრულებენ“.
სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართული დებატების შემდგომ მიღებულ დეკლარაციაში, კონგრესი „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების მკაფიო ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგაოებაში გაძლიერებული პოლარიზაციითა და კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.
პირველი არხი